ახალი ამბები
„უსახური შენობის ნაცვლად მივიღებთ ლამაზ ნაგებობას“ - ქუთაისის მერია მუზეუმის ყოფილ შენობაზე
FaceBook
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი, ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილ შენობას, რომლის შესყიდვასაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გეგმავს, უსახურს უწოდებს.
გიორგობიანის თქმით, მას შემეგ, რაც ადგილზე ინვესტიცია განხორციელდება, ქალაქი მუზეუმის უსახური შენობის ნაცვლად, ლამაზ ნაგებობას მიიღებს.

სამსახურის უფროსმა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პროტესტს უპასუხა, რომელიც მუზეუმის მიმდებარედ, ქალაქის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემას ეხებოდა. გიორგი გიორგობიანის თქმით, ადგილზე 10 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადამიანი დასაქმდება.

"არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცემა სახელმწიფო მართვის ეროვნულ სააგენტოს. მიწის ნაკვეთზე მოხდება 10 მილიონი ლარის ინევსტიცია და დასაქმდება 50 ადამიანი. უსახური შენობის ნაცვლად კი მივიღებთ ლამაზ ნაგებობას, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ტურისტულად, ასევე, ქალაქის იერსახისთვის",-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, იმ მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას, რომლითაც თემურ ჭყონიაა დაინტერესებული, კორუფციული გარიგების შედეგი უწოდა. "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლის, გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მერიამ პროცესი მას შემდეგ დააჩქარა, რაც ჭყონიამ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.

ქუთაისის საკრებულოში უკვე ჩაინიშნა  რიგგარეშე სხდომა,  სადაც ერთადერთი განსახილველი საკითხი ეკონომიკის სამინისტროსთვის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირი წესით გადაცემაა.

თემურ ჭყონია, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილზე, რომელიც ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, "ქორთიარდ მარიოტის" ბრენდის სასტუმროს აშენებას გეგმავს. გარდა შენობის შეძენისა, ჭყონია მოლაპრაკებებს აწარმოებდა მის მიმდებარედ არსებული 184 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიყიდვაზეც, რომელიც ამ დრომდე ქალაქის საკუთრებაა.
ტერიტორიების სანაცვლოდ ჭყონია 300 000 ლარის გადახდას გეგმავდა. 

თემურ ჭყონიას ახალი გეგმები ქუთაისში, ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

,,ძალა ერთობაშია" მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის სახელმიწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას აპროტესტებს
Print