ახალი ამბები
,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში
FaceBook
ამ წუთებში ხმაურია ზესტაფონის მერიაში. ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობაში დაპირისპირება  მას შემდეგ დაიწყო რაც მერის, კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები შენობაში  შევიდნენ. 



მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გაბრიჭიძე მოქალქეებთან ერთად შენობაში შევიდა და ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით მერის მისაღებში მჯდომარე აქცია დაიწყო. თავდაპირელად მათ მერის კაბინეტთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა, დაცვის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარები გადაკეტეს.

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი, კორუმპირებული მერი" - ამ მოთხოვნით და ტრანსფარანტებით მოქალაქეები მერის მისაღებში იმყოფებიან.

გიორგი გაბრიჭის თქმით, ზესტაფონის მერის  წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას არ აქვს უფლება იყოს ზესტაფონის მერი. მოქალაქეები მოუწოდებენ მერს დატოვოს დაკავებული პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მჯდომარე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

,,ზესტაფონის ფეროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქობულეთში ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელიც მახათაძის და მისი ძმის ბიზნესია. თანამშრომლები კი ზაფხულში ქარხნის ბიუჯეტით იქ ისვენებენ. მივმართავ იმერეთის გუნერნატორს და მაჟორიტარ დეპუტატს, შეგვხვდეს და დაინტერესდეს ზესტაფონის მერის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებით და მის მიმართ არსებული პრეტენზიებით" - განაცხადა დავით გოგლიჩიძემ.

თავად  ზესტაფონის მერი  ამ დროისთვის შენობაში არ იმყოფება, მერიაში კი განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეებთან კახაბერ მახათაძე მივა და დაელაპარეკება.

ადგილზე ჩვენი ჟურნალისტი იმყოფება, რომელიც მოვლენათა განვითარების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის.

კახაბერ მახათაძე მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად "ქართული ოცნების" კვოტით აირჩიეს. თუმცა, მას ზეტაფონის პირველი პირის პოზიცია მანამდეც ეჭირა.
Print