ახალი ამბები
მერიის თანამშრომლების ხელფასის 1%-ის ფონდში ჩარიცხვას ოპოზიცია აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისის მერიის თანამშრომლებს აიძულებენ ხელფასის 1% მერიის ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორის, თამთა ბაკურაძის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხონ.

ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგა შუშანია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში საუბრობდა, რომელსაც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია "საია"-სა და "სამართლიანი არჩევნების დასკვნაც უმაგრებს ზურგს, სადაც წერია რომ ამაზე თანხმობა ნებაყოფლობით არ მომხდარა.

მოძრაობა "ძალა ერთობაშია-ს" ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიგა შუშანია წინასაარჩევნოდ ფონდის შექმნას ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობად აფასებს. მისივე თქმით მოხდა თანამშრომლების საბანკო ანგარიშების ისეთ პირებზე მიწოდება, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა და თანამშრომლებს თანხა ხელფასიდან ავტომატურად ჩამოეჭრათ.

"ჩვენ მიგვანჩნია, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ქალაქის მერის სამსახურიდან გაშვების მუქარით აიძულებს ადამიანებს წინასაარჩევნოდ ფონდში გადარიცხოს საკუთარი ხელფასი", - ამბობს გიგა შუშანია. 

მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქმის შესწავლისკენ მოუწოდა და საქართველოს პროკურატურას აღძრას სისხლის სამართლის საქმე ქუთაისის მიერის წინააღმდეგ. 

ქუთაისის მერის ერთ-ერთი მოადგილე, ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ საქველმოქმედო ფონდი მერიის შექმნილი არ არის. მას ჰყავს სამი დამფუძნებელი, ერთ-ერთი კი ნამდვილად არის მათი ააიპ-ის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, იყო შეთავაზება ფონდის მხრიდან, რომ მომხდარიყო თანხების ჩარიცხვა.

"ჩვენც ეს შეთავაზება გავაჟღერეთ თანამშრომლებთან. ნაწილი რიცხავს, ნაწილი - არა. ვისაც სურვილი აქვს", - ამბობს ნინო თვალთვაძე. 

ფონდი თამთა ბაკურაძემ, როგორც კერძო პირმა დააფუძნა, თუმცა ის ამ საკითხზე მერის მოადგილეს, ნინო თვალთვაძესაც შეხვდა.

ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ შეხვედრა ფონდის შექმნის შემდეგ მოხდა და შეხვედრის მიზანს ფონდისთვის მხარდაჭერის გამოცხადება წარმოადგენდა.

"დიახ, მე შევხვდი ამ ფონდის დამფუძნებლებს, გავეცანი წესდებას და პირადადაც ვაპირებ, რომ გადავრიცხო ჩემი ხელფასიდან თანხა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა მსგავს ინიციატივას, რაც გაჭირვებული ადამიანების დახმარებას ემსახურება. ამასთანავე, პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ფონდის თანხების ხარჯვა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორმა, თამთა ბაკურაძემ საქველმოქმედო ფონდი "ქუთაისი" 2018 წლის 6 ივლისს სამ ადამიანთან ერთად დააფუძნა. წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისთვის.

ამავე თემაზე:

"მერიის თანამშრომლებს აიძულებენ ხელფასის 1% ჩარიცხონ ფონდში"
Print