ახალი ამბები
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მ/შ პოსტზე რჩება
FaceBook
განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან მოხსნის მიუხედავად, თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რჩება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "ქართუ" ფონდის პროგრამების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა უთხრა. 

"კარგი რექტორი და მენეჯერია. ბევრ რამეში გამოიხატება ეს. რაც უნივერსიტეტის კუთხით აქვს ვალდებულებები, ძალიან კარგად ასრულებს", - ამბობს ვახტანგ ცაგარელი. 

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

თემურ მურღულია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მ/შ თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს. ის 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.
Print