ახალი ამბები
რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ასეთი შეხვედრები უკვე ჩატარდა ბათუმში, თელავსა და გორში. მსგავსი შეხვედრა ზუგდიდშიც გაიმართება.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლს ატარებს.

პროექტისთვის 15 მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ინტენსიური კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს. პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული ტრენერები რეგიონებში დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.

USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ელექტრონული სერვისების შესწავლაში დაეხმარება. 



Print