ახალი ამბები
"გვეუბნებიან, რომ წყალი არ დაიკარგება" - ტყიბულში მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩენაზე ჩივის
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად საჭურიის გორაზე გრანიტის ქვის მოპოვება ისევ გრძელდება.

მთაში, რომელსაც ტყიბულელები ნაბეღლავის გორას ეძახიან, სასმელი წყლებია, რომლითაც ოთხი სოფელი მარაგდება. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამ ქვების ამოღება წყლის სრულ დაკარგვას გამოიწვევს. მათ პრობლემის შესახებ წერილობითი განცხადებები და საჩივრები დაწერილი აქვთ შესაბამისი უწყებებისთვის.

ნოე ქარქაშაძე ერთ-ერთია, რომელიც გრანიტის მოპოვებით სამუშაოებს აპროტესტებს. მისი თქმით, თუკი სამუშაოების შეჩერება არ მოხდება, 400 კომლი, რომელიც ბუნებრივი წყლით სარგებლობს მის გარეშე დარჩება.

"ისევ მოიპოვებენ გრანიტს, ვერაფერს მივაღწიეთ. გვეუბნებიან, რომ წყალი არ დაიკარგება. ამ დროს წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება აქ. მოიყვანონ ჩვენი ნდობით არჭურვილი გეოლოგთა ჯგუფი. ლიცენზია რომელ ორგანიზაციასაც აქვს, ის თავადვე დებს დასკვნას, რომ იქ არაფერი დაიკარგება. იყო ძველი დასკვნა, რომ ამ მთაზე ქვის შეხება არ შეიძლება, მაგრამ ვის სჯერა?", - ამბობს ის.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სასარგბელო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2016 წლის 15 თებერვალს გაგა ქათამაძეზე გასცა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად მოპოვებითი სამუშაოები 20 წელს გასტანს და ის 2036 წლის თებერვალში დასრულდება.

სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი წიაღის ეროვნულის სააგენტოს მიერ ხორციელდება. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ დადგენილი პირობების დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

"ლიცენზიის პირობების ინსპექტირებისას გამოვლენილი გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში საკითხი შესასწავლად გადაეცემა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც განახორციელებს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშებას ასეთის არსებობის შემთხვევაში", - ამბობს წიაღის ეროვნულის სააგენტოს წარმომადგენელი, თამარ მახარაძე.

მოსახლეობის პროტესტს არ იზიარებს ტყიბულის მერი. თეიმურაზ ჩუბინიძის თქმით, ის გეოლოგების დასკვნას ენდობა და დასკვნის მიხედვით, სამუშაოებმა წესით წყლის დაშრობა რ უნდა გამოიწვიოს.


ამავე თემაზე: 

"4 სოფელი სასმელი წყლის გარეშე დარჩება" - ტყიბულში გრანიტის ქვის მოპოვებას აპროტესტებენ (ფოტო)
Print