ახალი ამბები
29 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება
FaceBook
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებსა და საჯარო მოხელეებს შესაბამისი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.
პოლიტიკურ სუბიექტებს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, ფოტომასალები. მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა კი აკრძალულია.

კერძოდ ამოქმედდება ის წესები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის არის დადგენილი. 

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ. მათ უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, საჯარო დებატების და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაში და უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ასევე ვალდებულნი არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა შეადგინონ, სადაც შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს და გადასცენ ის საოლქო საარჩევნო კომისიას. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი.

აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილები.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, დისკუსიების და მანიფესტაციების ორგანიზებაში. ასევე უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება. მომდევნო 60 დღის განმავლობაში საარჩევნო წესები მედიაზეც ვრცელდება.


Print
თეგები: #არჩევნები