ახალი ამბები
შსს ვიდეოჯარიმებზე მოსახლეობას მიმართავს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საჯარიმო ქვითარი www.police.ge - ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად: სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება; საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება; ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება; საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge

საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა: ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.

მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით; აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.


Print