ახალი ამბები
"ჩემი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვროთ პრიორიტეტები" - იმერეთის გუბერნატორი
FaceBook
იმერეთში ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში გასვლითი შეხვედრები დაიწყო.

დღეს გუბერნატორი საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და მერებისგან ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. 

"მე დავაანონსე, რომ აუცილებლად ჩავიდოდი მუნიციპალიტეტებში და ადგილზე გავეცნობოდი იქ არსებულ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზნით დღეს დავიწყე შეხვედრები ზემო იმერეთიდან და შევხვდი როგორც მერებს ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეებს, წევრებსა და სამსახურების უფროსებს. მათთან ერთად დეტალურად გავიარე ყველა საკითხი და დავიგეგმეთ სამომავლო პროექტებზე. ასეთ შეხვედრებს უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში ჩავატარებ და მაქსიმალურად ჩავერთვები ყველა პრობლემა დროულად იქნას მოგვარებული. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმერეთის რეგიონის განვითარების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ჩავრთო მოსახლეობა და ერთად განვსაზღვროთ პრიორიტეტები," - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

24 აგვისტოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე შეხვედრებს ხარაგაულში და ზესტაფონში გეგმავს.

იმერეთის ახალ გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე 20 აგვისტორს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

შავლეგო ტაბატაძე 20 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2017 წლის ოქტომბერში მას გენერლის წოდება მიენიჭა. 2016 წლის 10 მარტს იგი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლად წარადგნეს.

მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

იმერეთის გუბერნატორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი რწმუნებული, გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.


Print