ახალი ამბები
დღეს, სოფელ ტვიშში, ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართება
FaceBook
23 აგვისტოს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს.
ადგილობრივები აქციაზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორს, მაჟორიტარ დეპუტატს, ცაგერის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ელოდებიან. აქციაზე ასევე მიწვეულია  ჰესის მშენებელი კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა.

"განადგურება ემუქრება არა მარტო რიონის ხეობის იმ 16 სოფელს, რომელიც დაფარვის ზონაშია, არამედ ხვამლის მთას, ქალაქებს - ქუთაისს, ფოთს. როგორც გეოლოგები ამბობენ, ასეთი მასშტაბური ჰესი აუცილებლად გამოიწვევს რეგიონალურ კატაკლიზმებს. მეწყერი, ღვარცოფი, სეისმოაქტივობა, კლიმატური ცვლილებები, უნიკალური ტვიშის ცოლიკაურისა და რიონის წვერას გაქრობა - ეს არასრული ჩამონათვალია, თუ რას შეიძლება ველოდოთ",- ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" რიონის ხეობის მცხოვრებლებმა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საბრძოლოველად შექმნეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესი დატბორვით ემუქრება მათ სახლებს. დიდი რაოდენობით დაგუბებული წყალი კი შეცვლის კლიმატს, რაც დააზიანებს ბიომრავალფეროვნებას. საფრთხე შექმნება ყურძის უნიკალურ ჯიშებს.

მდინარე რიონზე 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანისა და ტვიშის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპი" აშენებს.

კომპანიას ამ დრომდე არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. მათი თქმით, ანგარიში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასაჯაროვდება. "ქლინ ენერჯი გრუპში" რიონის ხეობის მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ჰესები საერთაშორისო სტანდარტებით აშენდება და დატბორვის ზონაში მცირე რაოდენობის ოჯახები მოხვდებიან, რომლებიც გასახლებას დაექვემდებარებიან.
ნამახვანი და ტვიში ჰესის პროექტის ღირებულება 750 მილიონი დოლარია.

კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს.

ცხოვრება დატბორვის შიშით- ნახეთ ვიდეო.


ამავე თემაზე:


ცხოვრება დატბორვის შიშით - ნამახვანჰესი, როგორც საფრთხე (ვიდეო)

ტვიშის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს

„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ნამახვანჰესის რისკები და რიონის ხეობის პროტესტი - მოსახლეობა საბჭოს ტოვებს
Print