ახალი ამბები
"შენიშვნები მაქვს ხარისხთან მიმართებაშიც" - ქუთაისში დევნილთა მშენებარე კორპუსს სამხარაულის ბიურო ამოწმებს
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის გვერდით, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსს არსებული ხარვეზების გამო, სამხარაულის ეროვნული ბიურო ამოწმებს.

ობიექტზე ხარისხთან მიმართებაში არსებულ პორბლემებზე და სამუშაობის გრაფიკის დარღვევით მიმდინარეობის თაობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

,,მოგეხსენებათ, დევნილთათვის საცხოვრებლების მშენებლობის ფუნქცია ერთი თვის წინ გადმოეცა ჩვენს სამინისტროს, შესაბამისად გუნდთან ერთად ვათვალიერებ სამშენებლო პროცესს. სამწუხაროდ, მშენებლობა ქუთაისში, ამ კონკრეტულ ობიექტზე გრაფიკის დარღვევით მიმდინარეობს, შენიშვნები მაქვს ხარისხთან მიმართებაშიც. ამ ეტაპზე, სამხარაულის ეროვნული ბიურო ამოწმებს კორპუსს, როგორც ხარისხობრივად, ისე შესრულებული სამუშაოების მოცულობის თვალსაზრისით, რათა სწორად წარვმართოთ სამინისტროსთვის გადმოცემის პროცესი. ჩვენ ვიმუშავებთ კონრტრაქტორთან, რომ რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომლებიც აღმოვაჩინეთ. მთლიანობაში პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ქუთაისში, ეტაპობრივად იგეგმება 13 ათასი დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლის მშენებლობა“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ქუთაისში დაგეგმილია 1280 ოჯახზე გათვლილი 12 კორპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე, დასრულებულია ერთი კორპუსის მშენებლობა. ბინები უკვე გადაეცა 160 დევნილ ოჯახს კერძო საკუთრებაში. ამჟამად მიმდინარეობს სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.  

სამუშაოების დასრულების ვადა მას შემდეგ განისაზღვრება, რაც მოხდება შესაბამისი ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება ხარვეზების გამოსწორების კუთხით. დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 85 000 000 ლარს შეადგენს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 70-ბინიანი რვა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კორპუსის მშენებლობა და მშენებლობის დაბალი ტემპის გამო კონტრაქტორს დაეკისრა საჯარიმო სანქციები.

პროექტის მთლიანი ღირებულება 40 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 140 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.


Print