ახალი ამბები
„მნიშვნელობა არ აქვს სამხედრო ხარ თუ სამოქალაქო სექტორში“-შავლეგო ტაბატაძე
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუშაობას შუდგა.
პირველ სამუშაო დღეს იგი სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა და თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს გაეცნო.

გუბერნატორი რეგიონული განვითარების  სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა წარადგინა. სამხარეო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მხოლოდ ერთი მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა. პირველი ვიცე-გუბერნატორი და ამავე დროს,  გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი კი შეხვედრაზე   არ გამოჩენილა.

ახალ გუბერნატორს ასევე შეხვდნენ  ქუთაისის მერიისა და საკრებულოს პირველი  პირები.

"დიახ, 20 წელზე მეტია რაც შეიარაღებულ ძალებში  ვმსახურობ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მაგრამ მე მივიღე ეს გამოწვევა და მნიშვნელობა არ აქვს სამხედრო ხარ თუ სამოქალაქო სექტორში. მთავარია ჩვენი შემართებით ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას",-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

მან  უახლოეს გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იგი ყველა რაიონში ჩავა და ადგილზე გაეცნობა თანამშრომლებს, განიხილავს დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს და დასახავს ახალ პრიორიტეტებს.

იმერეთის ახალმა გუბერნატორმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საკადრო ცვლილებებზე და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ამას არ გეგმავს.
"ამ ეტაპზე არანაირ საკადრო ცვლილებას არ ვგეგმავ. დავაკვირდები თითოეული თანამშრომლის მუშაობას, შევაფასებ და ყველას დაუფასდება შრომა",-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

იმერეთის ახალი გუბერნატორი პოსტზე 20 აგვისტორს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

შავლეგო ტაბატაძე 20 წელია  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  მსახურობს. 2017 წლის ოქტომბერში მას გენერლის წოდება მიენიჭა. 2016 წლის 10 მარტს იგი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლად წარადგნეს.

მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

Print