ახალი ამბები
ქუთაისში უსაფრთხოების კუნძულები ფოსფორის შემცველი საღებავით შეიღებება
FaceBook
ქუთაისში "უსაფრთხოების კუნძილებთან" მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მერია განცხადებას ავრცელებს.

"ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ე.წ უსაფრთხოების კუნძულს სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საბედნიეროდ, ავტოავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად განთავსებულ სკოლასთან, არაერთხელ მომხდარა ავტოავარია, რომელიც სავალალო შედეგით დასრულებულა. კუნძულიც სწორედ ამ სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად კეთდება," - აღნიშნულია ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის განაცხადებაში.
მერიის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, უსაფრთხოების კუნძულები ფოსფორის შემცველი საღებავით შეიღებება, რაც მათ ღამის საათებში ხილვადს გახდის. მერია მძღოლებს შესაბამისი სიჩქარით მოძრაობისკენ მოუწოდებს.
"ქუთაისში კუნძულების მოწყობის უმთავრესი მიზანი მოწესრიგებული მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვაა. მოსახლეობისა და ავტომფლობელთა საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების კუნძულები ფოსფორის შემცველი საღებავით შეიღებება, რაც მათ ღამის საათებშიც ხილვადს გახდის. უსაფრთხოების კუნძულები ყველა დიდ ქალაქშია. გამონაკლისს წლების მანძილზე ქუთაისი წარმოადგენდა. მოვუწოდებთ მძღოლებს, იმოძრაონ შესაბამისი სიჩქარით, ვინაიდან მათ მიერ სიჩქარის გადაჭარბება მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის," - ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე "უსაფრთხოების კუნძილებთან" მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევა 13 უვლისს, დილის საათებში მოხდა. ავტომანქანა "უსაფრთხოების კუნძულს" დაეჯახა და ამოტრიალდა.
მომხდარ ფაქტს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გია თევდორაძე გამოეხმაურა. თევდორაძის თქმით, "უსაფრთხოების კუნძულები" საფრთხის შემცველ კუნძულებად მოგვევლინა, რომელთა დემონტაჟი სამომავლოდ გამორიცხული არაა.
"როგორც ჩანს, ქუთაისის დღევანდელი თვითმმართველობიდან, წლების შემდეგ, მემკვიდრეობით მხოლოდ ეს კუნძულები დარჩება. არ გამოვრიცხავ, სამომავლოდ მათი ნაწილის დემონტაჟი გახდეს საჭირო," - წერს გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.


Print