ახალი ამბები
„საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, ამისგან ჯერ თავს შევიკავებ“- იმერეთის ახალი გუბერნატორი
FaceBook
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ პოსტზე წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა მუნიციპალიტეტებთან და მოსახლეობასთან კომუნიკაციაა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები. შავლეგო ტაბატაძის თქმით,  გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ადგილობრივი კადრების შესაძლებლობებს გაეცნობა.

"საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, ამისგან ჯერ თავს შევიკავებ. დარწმუნებული ვარ რეგიონში იქნებიან მოტივირებული კადრები, რომლებიც ზრუნავენ რეგიონის განვითარებაზე. მექნება მათთან შეხვედრა, გავეცნობი მათ შესაძლებლობებს და აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწვეტილებას",-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად  პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

იგი  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. 2017 წლის ოქტომბერში მას გენერლის წოდება მიენიჭა. 2016 წლის 10 მარტს იგი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლად წარადგნეს.

მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

"მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანს ვანდობთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონის ხელმძღვანელობას",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ შავლეგო ტაბატაძის წარდგენისას.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას, მიმდინარე წლის 23 მარტიდან ამ დრომდე, ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი რწმუნებული, გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.

უცნობია შეეხება თუ არა ცვლილება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას.  ჯერჯერობით პოსტებზე რჩებიან  მისი მოადგილეები - იოსებ ხახალეიშვილი და გრიგოლ დალაქიშვილი. 


Print