ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძე დაინიშნა
FaceBook
იმერეთის გუბერნატორად გენერალი  შავლეგ ტაბატაძე დაინიშნა.
სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.

"ის გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო. ბოლო წლებში იგი ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო სწავლებებს. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში და დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანს ვანდობთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონის ხელმძღვანელობას",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ შავლეგ ტაბატაძის წარდგენისას.

გენერალი შავლეგ ტაბატძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. 2017 წლის ოქტომბერში მას  გენერლის წოდება მიენიჭა. 2016 წლის 10 მარტს იგი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლად წარადგნეს. 

სამხედრო კარიერის განმავლობაში იგი იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური; ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას, მიმდინარე წლის 23 მარტიდან ამ დრომდე, ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი რწმუნებული, გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.

იმერეთის ახალ გუბერნატორთან ერთად, პრემიერმა დღეს მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები წარადგინა.

Print