ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის განვითარების ვალდებულებას აიღებს
FaceBook
ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე ქუთაისის მერიასთან ერთად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც იზრუნებს.

სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის სამუზეუმო სივრცის ქალაქის უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად ქცევისთვის უწყებრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს მემორანდუმი განსაზღვრავს, რომელიც ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას შორის გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და გაერთიანების დირექტორმა ვაჟა ჯუღელმა მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე სააგენტო ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო-სამუზეუმო სივრცის შემდგომი განვითარებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას აიღებს.  

ახლო მომავალში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ფალიშვილის სახლ-მუზეუმი ფრედერიკ შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმთან გააფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც სამომავლოდ ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის მოდერნიზაციის პროცესს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს.

გაფორმეული მემორანდუმი ქართული კლასიკური მუსიკის სათავეების წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის პროცესის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს, რაც პერსპექტივაში სამუზეუმო სივრცის საკონცერტო, საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების განსახორციელებელ გარემოდ ქცევას გულისხმობს.

სახლ-მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებების ხელშეწყობასთან ერთად, დოკუმენტი ფალიაშვილის მუზეუმში დაცული ექსპონატების რესტავრაციასაც მოიცავს. საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, სააგენტო ახლო მომავალში ზაქარია ფალიაშვილისეულ სამი უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტის რესტავრაციას უზრუნველყოფს, რომლებიც აღდგენის შემდეგ კვლავაც საექსპოზიციო ნივთებად გამოიფინება.

მომავალში სააგენტო მუზეუმოგრაფიის ახალ კონცეფციასაც შეიმუშავებს, რომლის საფუძველზეც სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციაც მომზადდება.
Print