ახალი ამბები
იმერეთის ახალ გუბერნატორს პრემიერ-მინისტრი ხვალ მთავრობის სხდომაზე წარადგენს
FaceBook
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, იმერეთის ახალი გუბერნატორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ გუბერნატროს ხვალ, მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური დღეს გახდა. თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მეფარიშვილის განცხადებით,  მან თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე მიმართა.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ზაზა მეფარიშვილს. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით განიხილება რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის არის იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია. ჭიღვარია გუბერნატორის მოადგილედ 2015 წლის 8 იანვარს დაინიშნა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ჭიღვარია კოალიცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისისა და ქვემო იმერეთის კოორდინატორის მოადგილე გახდლათ. მას ასევე, "ქართული ოცნების" ქუთაისის პარტიულ სიაში #13 ადგილი ეჭირა.
ჭიღვარია "ქუთაისიპოსტსთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ გუბერნატორად  მისი დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"მსგავსი არაფერი მსენია, ამ საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია" - აცხადებს გიორგი ჭიღვარია "ქუთაისიპოსტსთან" საუბარში.
კიდე ერთი კანდიდატი, რომელსაც გუბერნატორის პოსტზე მოიაზრებენ თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე გახლავთ. ჭიჭინაძე 2013 წლის თებერვალში ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებლ მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს. მის ძირითად საქმიანობაში პარტიის საორგანიზაციო და ასევე რეგიონული საკითხების მოგვარება შედიოდა. "ქუთაისიპოსტმა" ჭიჭინაძესთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოახერხა.
სახელდება კიდევ ერთი კანდიდატი, გელა ჭიჭინაძე, რომელიც ქუთაისელი გახლავთ, მას დამთავრებული აქვს მე-3 სკოლა და ამჟამად პარტიულ საქმიანობას ეწება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში. ჭიჭინაძე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ქუთაისში, საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, როგორც წარმომადგენელი თბილისიდან.
"ვრაფერს ვერ გეტყვით ახლა, მე ამ წუთებში ვარ ჰაერში, ეს მთავრობის და პრემიერის გადასაწყვეტია. თუ ჩათვლის მთავრობა, რომ მე რაღაცის გაკეთების თავი მაქვს, თუკი დამავალებენ, როგორ შეძლება უარი ვთქვა, სიკეთე ვაკეთო. ამ წუთში მეტს ვერაფერს ვერ გიპასუხებთ," - აცხადებს გელა ჭიჭინაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში. 
"მე არ მაქვს ჯერ ეს ინფორმაცია, მოხდება თუ არა ხვალ წარდგენა ახალი გუბერნატორის. თუ წარადგენენ, აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას და გაგაგებინებთ" - განუცხადა  "ქუთაისიპოსტს" სატელეფონო საუბრისას პრემირ-მინისტრის პრესსამსახურმა ანა გოჩელაშვილმა.
საქართველოს მთავრობის სხდომა ხვალ, 09:00 საათზე გაიმართება.

Print