ახალი ამბები
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 26 წელი გავიდა
FaceBook
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 26 წელი წავიდა.
ომში დაღუპულთა ხსოვნას, დღეს, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  პატივი მიაგეს.

"აფხაზეთის ომმა ბევრი ღია და მოუშუშებელი ჭრილობა დატოვა. ომის დაწყების დღეს კიდევ ერთხელ მოვედით ვეტერანთა მემორიალთან, რათა პატივი მიგვეგო იმ გმირებისადმი, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირეს," - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ორი დღის შემდეგ ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი გალი.

კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი ადამიანი კი დევნილი გახდა.

სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

Print