ახალი ამბები
წყალტუბოში უბნების მოსაწყობად მოქალაქეებმა 25 პროექტი წარადგინეს
FaceBook
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც წყალტუბოში უბნები მოქალაქეების გემოვნების მიხედვით უნდა მოეწყოს, 25 განაცხადი დარეგისტრირდა. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ მოქალაქეების მიერ წარდგენილი პროექტების შესწავლა უკვე დაიწყო სპეციალურმა კომისიამ. 

"განაცხადების მიღება დასრულდა. წყალტუბოს სამივე ზონიდან სულ 25 პროექტის განაცხადი დარეგისტრირდა. I ზონის მაცხოვრებლებმა 9 პროექტი წარმოადგინეს, II ზონიდან - 11, ხოლო III ზონიდან - 5 პროექტი. კომისია დარეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ მხარეებს შეისწავლის და შედეგებს აცნობებს განმცხადებლებს. მომდევნო ეტაპი მოქალაქეების მიერ პრიორიტეტული პროექტების არჩევა იქნება, რის შემდეგაც,
აღნიშნულ პროექტებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს," - განმარტავენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტები ძირითადად მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობაზე, ან ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, გამწვანებასა და გარეგანათების უზრუნველყოფაზე. 

წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 150 000 ლარია განსაზღვრული.

პროექტის განხორციელების ვადა ერთი წელია. 

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას წყალტუბოში მხარს უჭერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამა "დემოკრატიის ხელშეწყობა" და საქართველოს ფინანსისტთა ასოციაცია.

ამავე თემაზე: 

წყალტუბოში მოქალაქეებს საკუთარი უბნის მოსაწყობად პროექტებს დაუფინანსებენ

Print