ახალი ამბები
ინფორმაცია, თითქოს იმერეთის სოფელში ქალმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეში გადაიხადა, ტყუილია
FaceBook
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 68 წლის ქალმა ქელეხი სოცოცხლეში გადაიხდა, ტყუილია. 

სოფელ ღვანკითის მკვიდრი მერიკო კუბლაშვილი ამბობს, რომ მას სადღესასწაულო სუფრა ჰქონდა და ტორტი ნათესავებმა მიართვეს.

"სოცოცხლეში ქელეხი რატომ უნდა გადამეხადა, ძალიან ბევრი პატრონი მყავს. ასეთი ტყუილის დაწერა როგორ შეიძლება. ნათესავებმა მომიტანეს ტორტი და შევკრიბე მეზობლები, ახლობლები," - ამბობს მერიკო კუბლაშვილი.

მისი მეზობელი ქუთაისიპოსტთან საუბარში ყვება, რომ სუფრა ნამდვილად იყო, თუმცა სადღესასწაულო: "მე პირადადაც ვიყავი დაპატიჟებული, მაგრამ ვერ მოვახერხე წასვლა. ჩემი ახლობლები იყვნენ. ის რაც დაიწერა, არის სამარცხვინო ტყუილი. ეს ქალბატონი ძალიან საპატივსაცემო პიროვნებაა, რომელსაც ძალიან ბევრი ახლობელი, ნათესავი, კოლეგა ჰყავს. ცნობილი ადამიანია მთელს მუნიციპალიტეტში. ჯერ კიდევ რესტორნები რომ არ იყო, მაშინაც კრიბავდა ხალხს და ეპატიჟებოდა მის ეზოში სუფრაზე. მას შემდეგ, ხშირად ჰქონდა სუფრები. ახლაც თქვა, მინდა კიდევ ერთხელ შევკრიბო ჩემი საყვარელი ხალხიო. სუფრა იყო მხიარული, ტორტით, მუსიკით. ხალხს ეპატიჟება სრულიად უანგაროდ. დაოჯახებული არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი პატრონი ყავს. როგორ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება, რომ ქელეხი გადაიხადა. ამ ადამიანზე არავინ იფიქრა, როგორ შეიძლებოდა ტკენოდა გული".

ინფორმაცია სოფელ ღვანკითში საკუთარი ქელეხის სოცოცხლეში გადახდის თაობაზე accent.com.ge-მ გაავრცელა, რომელიც შემდეგ გადაბეჭდეს სხვადასხვა მედიაორგანიზაციებმა.
Print