ახალი ამბები
ქუთაისში საცხოვრებელ სახლს კრაზანები შეესია
FaceBook
ქუთაისში, ყაუხჩიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ჯავახაძეები საკუთარ სახლში კრაზანების შემოსევის გამო ვერ შედიან. ოჯახი მწერებს თავიანთი ძალებით უკვე ორი კვირაა ებრძვიან, თუმცა, უშედეგოდ.

"საიდანღაც შემოფრინდნენ და საძინებელში ვერ შევდივარ. თუკი არ დამეხმარებიან, სახლის დატოვება მომიწევს. სად არ ვიყავი და ვერავინ მეხმარება. სანეპიდსადგურში მირჩიეს, რაღაც ხსნარი მეყიდა. სხვა წამლებიც ვიყიდე, მაგრამ არაფერი შველის, მხოლოდ რამოდენიმე მოვკალით. კრაზანებს უნდა შევეწირო?! ან ასე როგორ შეიძლება ქალაქის მთავრობა ვერ უმკავდებოდეს მწერებს", - ამბობს მარინა ჯავახაძე.

ყაუჩიშვილის ქუჩა რიონის პირზე თეთრ ხიდთან გადის. მარინა ჯავახაძე  ვარაუდობს, რომ  კრაზანების მომრავლება შესაძლოა თეთრ ხიდზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. რადგან, მისი თქმით, ამ ქუჩაზე მსგავსი პრობლემა არასოდეს ყოფილა. 

"შეიძლება ხიდის სახელურები რომ გალესეს და  ხიდის საფარიც აყარეს, სადმე ბუდე ჰქონდათ გაკეთებული და აქეთ გადმოინაცვლეს. მსგავსი რამ არ მახსოვს. უკვე არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო", - ამბობს მარინა ჯავახაძე. 

ქალაქში ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაობს ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს. ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ კრაზანების საწინააღმდეგო საშუალებები არ აქვთ.

კრაზანებისგან შეწუხებულ ოჯახს დახმარება ვერც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ გაუწია, რომელიც ამ დროისთვის ფაროსანის საწინააღმდეგო შეწამვლას ქალაქის მასშტაბით ახორცილებს. 

უწყებაში ოჯახს კრაზანებთან საკუთარი ძალებით გამკლავება ურჩიეს.    

კრაზანა ნესტრიანი სიფრიფანაფრთიანი მწერების ოჯახს განეკუთვნება. კბენის დროს სხეულში შემოდის მცირე რაოდენობით შხამი და ადამიანი გრძნობს ხანმოკლე ძლიერ ტკივილს. კრაზანას ნაკბენზე ორგანიზმის რეაქცია შეიძლება იყოს მრავალფეროვანი. თუკი ადამიანი ალერგიულია, კბენის შემთხვევაში შედეგი, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. 
Print