ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნარგიზა ჩოგოვაძემ პოსტი დატოვა.
მას ქუთაისის საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი, გია ქობალიანი ჩაანაცვლებს.

გია ქობალიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მან შეთავაზება პირადად ქალაქის მერისგან მიიღო.

"მერმა შემომთავაზა და დავთანხმდი",- ამბობს გია ქობალიანი.

რაც შეეხება უკვე ყოფილ დირექტორს, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ნარგიზა ჩოგოვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  ის მერიის შპს "პარკინგსერვისში" საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციას დაიკავებს. 

თავად ნარგიზა ჩოგოვაძე ამბობს, რომ ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე საკუთარი თავი ამოწურა და  სხვაგან გადაყვანა ქალაქის მერს თვითონ   სთხოვა.

"რამდენჯერმე ვთხოვე ქალაქის მერს რომ სხვაგან გადავეყვანე. ამდენი წელია ვარ ამ პოზიციაზე და ვფიქრობ, რომ აქ  ამოვწურე ჩემი თავი. საჭირო იყო ახალი სისხლი, ახალი სახე. მეც ახალ საქმეს გავაკეთებ",-ამბობს ნარგიზა ჩოგოვაძე. 

ნარგიზა ჩოგოვაძე ქუთაისის საჯარო ბიბილიოთეკის დირექტორად 2011 წელს დაინიშნა.
Print