ახალი ამბები
"შექმენი თეთრი ხიდის ახალი ისტორია" - მერიის შეთავაზება მოქალაქეებს
FaceBook
ქუთაისის მერია მოქალაქეებს შეთავაზებით მიმართავს.

თეთრი ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ექნებათ ქუთაისთან დაკავშირებული სასურველი ციტატები და ფრაზები მერიას მიაწოდონ, რომლებიც შემდეგ თეთრ ხიდზე ამოიტვიფრება.

"შექმენი თეთრი ხიდის ახალი ისტორია!

მოგვაწოდეთ თქვენთვის სასურველი ციტატები და ფრაზები ქუთაისთან დაკავშირებით, არაუმეტეს 12 სიტყვისა. აღნიშნული ციტატები ან ნაწყვეტები სხვადასხვა ცნობილი ლექსიდან თუ ნაწარმოებიდან განახლებული თეთრი ხიდის ლითონის იატაკზე ამოიტვიფრება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ციტატები მოგვაწოდონ მერიის ოფიციალური ფეისბუქის საიტზე, რომელთაგან საუკეთესოებს ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო განიხილავს და შეარჩევს ფილოლოგებთან და ლიტერატორებთან ერთად," - აცხადებენ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში. 

ციტატების და ფრაზების მიწოდება მოქალაქეებს დღეიდან 6 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

ქუთაისში, თეთრი ხიდის რესკონსტრუქცია 1 ივნისიდან დაიწყო. მას შემდეგ ხიდი გადაკეტილია.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, არქიტექტორ, ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ხიდის საფარი 6 მილიმენტრიანი ლითონის ფირფიტებით მოეწყობა, რომელზეც ქართული ორნამენტები მოიხატება. ასევე ხიდის საფარზე დაკრულ ფირფიტებზე დაიწერება ცისფერყანწელთა ცნობილი გამონათქვამები და ქუთაისზე არსებული მნიშველოვანი ისტორიული მოვლენები.

ზაზა ჩხიკვაძეს ინფორმაციითვე, ფირფიტებზე შესაძებელი იქნება დაიწეროს ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, რომელიც ქუთაისში თანამედროვე რეალობაში მოხდება.

თეთრ ხიდზე რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დამაგრდება 52 ათასი მოქლონი და განთავსდება ელექტრონული ტაბლო, რომელზეც ხიდის ისტორიაზე ვიდეორგოლი იტრიალებს.

"ვიზუალური ეფექტების გარდა, ამ ხიდზე მოწყობილი საფარი იქნება ძალიან გამძლე," - განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

ქუთაისში, თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.

ამჟამად ხიდის რკინის კონსტრუქციებზე ძველი საღებავის მოშორება ხდება, რომლის შემდეგაც, მათ თეთრ ფერზე შეღებავენ. პირველი ეტაპის ფარგლებში ხიდიდან უკვე აიღეს ხის საფარი, რომელსაც რეკონსტურქციის შედეგად ლითონის საფარი ჩაანაცვლებს.

"საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ამინდებმაც არ შეგვიწყო ხელი. წვიმიან ამინდში საერთოდ არ შეიძლებოდა ხიდზე ხელის მიკარება. ამიტომ შევფერხდით", - ამბობს ქუთაისის მერიის ინფრატრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა ყურაშვილი. მისი თქმით, ამაჟამად მუშაობა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 22 აგვისტოს დასრულდება.

რეკონსტრუქციის შემდეგ გამოიცვლება არსებული მოაჯირის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდება მისი ანალოგი. ხიდის სავალ ნაწილზე მოეწყობა ოვალური ფორმის, სამშრიანი მინის იატაკი და დეკორატიული თეთრი ქვები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა რუს საქართველო" 436 000 ლარად ასრულებს.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ქუთაისის მერიამ საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა.

ხიდის მზა ესკიზი, რომელიც არქიტექტორმა გია ხუჯაძემ გააკეთა, საზოგადოების ნაწილმა დაიწუნა. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას პოზიცია არ შეუცვლია და რეკონსტრუქციას გია ხუჯაძის პროექტით ახორციელებს.

ფოტო: არჩილ გეგნავა


როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი - ნახეთ აქ


ამავე თემაზე:

რა ეტაპზეა თეთრი ხიდის რეაბილიტაცია

"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას აპროტესტებენ

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია
Print