ახალი ამბები
რა ეტაპზეა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი
FaceBook
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საკონკურსო პირობებს მუნიციპალური განვითარების ფონდში იხილავენ.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ჩხიკვაძის თქმით შემდეგ ეტაპზე პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება.

"ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით, რომ დაგვიძახებენ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ერთად გავივლით საკითხებს", - ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.

თავდაპირველად რეაბილიტაცია რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სახლებს შეეხება, შემდეგ კათოლიკურ უბანს და საბოლოო ჯამში მთელ ისტორიულ ნაწილს მოიცავს. რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადებს, ზაზა ჩხიკვაძის თქმით, მას პროექტი განსაზღვრავს.

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ყველაზე დიდ და პრიორიტეტულ პროექტად დაასახელა.

შპს "ისტორიული ქუთაისის" წარმომადგენლის, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის ერთ-ერთი ავტორის ლევან რეხვიაშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სახლების რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე: ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ.

"ეს იქნება ძველის და ახლის შერწყმა. არ იქნება ამოვარდნილი კონტექსტიდან, თუმცა, არსებულ ესკიზს აუცილებლად სჭირდება დახვეწა, შესაცვლელია ბევრი რამე, რადგან ეს პროექტი 35 წლის წინ არის შემუშავებული", - ამბობს ლევან რეხვიაშვილი.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში სულ 70-მდე სახლი უნდა აღდგეს.

პროექტის მიხედვით, ისტორიული სახლების რეკონსტრუქციას ექვს მილიონ დოლარამდე დასჭირდება, თუმცა, პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ მისი ღირებულება გაიზარდოს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
Print