ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საქალაქო ტრანსპორტის კონტროლისთვის 20 000 ლარი გამოჰყო
FaceBook
ქუთაისის მერია საქალაქო ტრანსპორტზე ჯი-პი-ეს სისტემის დამონტაჟებას გეგმავს.

აღნიშნულის მიზნით, 10 ივლისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში შესული ცვლილების შედეგად, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლის ხარჯებისთვის 20 ათასი ლარი გამოჰყო. ადგილობრივი თვითმმართველობა ჯი-პი-ეს სისტემაზე პირველ ეტაპზე იმ სატრანსპორტო ერთეულებს გადაიყვანს, რომელებსაც კონკურსის გზით მოპოვებული აქვთ ახალი სანებართვო პირობები.
ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, აღნიშნული სისტემა ხელს შეუწყობს ტრანსპორტის კონტროლს.
"ასევე, ეს ხელს შეუწყობს გრაფიკების კონტროლს. პირველ ეტაპზე, რამდენიმე ათეული ტრანსპორტი იქნება გადაყვანილი ჯი-პი-ეს კონტროლის სისტემაზე სექტემბრისთვის, ხოლო 2016 წლისთვის ყველა საქალაქო ტრანსპორტი გადავა", - განმარტავს ქავთარაძე.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, ერთი სატრანპორტო საშულების დანახარჯის თვეში 20-დან 27 ლარამდე იქნება.
საქალაქო ტრანსპორტის ჯი-პი-ეს კონტროლის სისტემაზე გადასვლაზე ქუთაისის მერია ჯერ კიდევ 2012 წელს საუბრობდა. თუმცა, როგორც თვითმმართველობაში განმარტავდნენ, ქალაქს ამის ფინანსები არ ჰქონდა.
თეკლე მორგოშია

Print