ახალი ამბები
ლენტეხში აქცის მონაწილეები და მინისტრის მოადგილე ვერ შეთანხმდნენ (ვიდეო)
FaceBook
ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ჩიქოვანს ხვდებიან.

მათ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნა წაუყენეს, მშენებელმა კომპანიამ გაიყვანოს ტექნიკა რაიონიდან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის შენობის წინ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეეთან მისვლამდე, გიორგი ჩიქოვანი ლენტეხი-ცაგერის დამაკავშირებელ გზაზე მოშიმშილეებს შეხვდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მინისტრის მოადგილემ მათ შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

"ტექნიკა რას გიშავებთო? რა ვქნათ, ელექტროენერგია არ გვაქვს საკმარისი და ამიტომ ვაშენებთ ჰესებსო. შეწყვიტეთ შიმშილობა და ისე დავილაპარაკოთო. ჩვენ ვუთხარით, გაიყვანონ ტექნიკა და შვწყვეტთთქვა. არ ვაპირებთ დანებებას",- ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, ჯიმი ლიპარტელიანი.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელსაც სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ელდინო ლიპარტელიანი ავრცელებს.



ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ადგილობრივებმა პროტესტი 22 ივლისს დაიწყეს. უკვე მეექვსე დღეა მათ ლენტეხი-ცაგერის დამაკავშირებელ გზაზე კარვები აქვთ გაშლილი და ჰესის მშენებლი კომპანიის ტექნიკას ლენტეხის მიმართულებით არ უშვებენ.

მოსახლეობა ამბობს, ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.

Print