ახალი ამბები
არჩევნებამდე ორი თვით ადრე გაზრდილი შტატები ქუთაისის მერიაში
FaceBook
ქუთაისის მერიამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე მერიაში ხუთი ახალი შტატი შექმნა. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ახალმა მოთხოვნებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტებს საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება დაევალა.

ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტები ვალდებული იქნებიან ზედამხედველობა გაუწიონ და აღკვეთონ სხვადასხვა ადმინისტრაციული კანონდარღვევა. ერთ-ერთი, რისი მონიტორინგიც მერიას დაევალება, ხმაურის შესახებ კანონის დარღვევაა. კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, დღის ან ღამის საათებში როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე, საზოგადოებრივ დაწესებულებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება დასჯადი იქნება. ცვლილება, ასევე, შეეხება ღამით პრიოტექნიკის გამოყენებას, თამაბაქოს რეკლამირებას მისი რეალიზაციის მიზნით და ნარჩენების მართვის შესახებ კანონით გათვალისწინებულ დარღვევებს.

მუნიციპალიტეტებისთვის დაკისრებული ახალი ფუნქციების შესასრულებლად ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხუთ შტატიანი განყოფილების შექმნა დასჭირდა. სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ამბობს, რომ ისედაც მწირი რესურსის ფარგლებში დამატებითი ფუნქციების შესრულებას ვერ შეძლებდნენ.

"ხუთი თანამშრომელი არ არის დიდი შენაძენი ჩვენი სამსახურისთვის, მაგრამ ვეცდებით არსებული რესურსებით შევასრულოთ ჩვენი ფუნქციები", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ამჟამად 22 თანამშრომელი ჰყავს. ახალი შტატების დამატების შემდეგ  მათი რაოდენობა 27-მდე გაიზრდება.

ქუთაისის მერიისგან განსხვავებით 4-5 თანამშრომელია დასქმებული იმერეთის მუნიციპალიტეტების ზედმხედველობის სამსახურების უმრავლესობაში, თუმცა, მათ  ახალი ფუნქციების შესასრულებლად დამატებითი შტატების შექმნა არ დასჭირვებიათ.

საჩხერეს მერის მოადგილე, თამაზ ნადირაძე ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურში 4 თანამშრომელი ჰყავს და ამის მიუხედავად ახალი განყოფილების შექმნას მერია არ აპირებს.

4 თანამშრომელი ჰყავთ ჭიათურის ზედამხედველობის სამსახურშიც, თუმცა, სამსახურის უფროსი, დავით ბრეგვაძე ამბობს, რომ ახალი განყოფილება მათთან არ შექმნილა.

კადრების დამატებას არ აპირებენ არც ტყიბულში, ზესტაფონში, ხონში, წყალტუბოსა და თერჯოლაში.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ასეთი საჭიროება რომც დადგეს, თანამშრომლებს ფუნქციების შესაბამისად  გადაანაწილებენ, შტატების დამატებას კი არ გეგმავენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის იურიდიული განყოფილების უფროსი, ნიკა სანაძე ამბობს, რომ განყოფილების შექმნას გეგმავენ, თუმცა, ახალი კადრების მიღებას არც აქ აპირებენ.

"ვაპირებთ ცალკე განყოფილების შექმნას, მაგრამ არა ახლების ხარჯზე. ის თანამშრომლები, რომლებიც არიან სხვადასხვა სამსახურში, ერთად მოიყრიან თავს",-ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის იურდიული განყოფილების უფროსი, ნიკა სანაძე.

ვინ და რა რესურსით შეასრულებს მუნიციპალიტეტისთვის დაკისრებულ საზედამხედველო ფუნქციებს, ჯერ ზუსტად არ იციან ბაღდათში. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა.

მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირება.

ქუთაისის მერიაში ახალი განყოფილების შექმნას წინასაარჩევნოდ პარტიული რესურსის მობილიზებად აფასებს ოპოზიცია. მათი თქმით, ეს ასევე, გაზრდის სახელფასო ხარჯებს.

"ამ ფუნქციების შესრულება სამსახურს არსებული რესურსითაც შეეძლო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური აქტივის მობილიზაცია წინასაარჩევნოდ",- განაცხადა საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, მერაბ მეშველიანმა.

ოპოზიციის თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტს ხუთი შტატის დამატება წლიურად 50 000 ლარამდე დაუჯდება.

ახალ პოზიციებზე მერიამ თანამშრომლები კონკურსის წესით უნდა შეარჩიოს.

Print