ახალი ამბები
ლენტეხში აქციის სამმა მონაწილემ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა
FaceBook
ლენტეხში, სადაც ადგილობრივები ხელედულა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, აქციის სამი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც მათ შიმშილობა შეწყვიტეს.

ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ახლა მხოლოდ 4 ადამიანი შიმშილობს.

ისინი ლენტეხი-ცაგერის დამაკავშირებელ გზაზე არიან შეკრებილები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას ლენტეხის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

"სამი ადამიანი შეუძლოდ გახდა. გამოძახებული გვყავდა სასწრაფო დახმარება. იმედი გვაქვს, კომპანია ტექნიკას გაიყვანს ტერიტორიიდან",- ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, ჯიმი ლიპარტელიანი.

პარალელურად, უკვე მეორე დღეა ლენტეხის მცხოვრებლები ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობის წინ აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას.

საპროტესტო აქციის გასამართად ადგილობრივები ამ წუთებში იკრიბებიან. აქცია 4 საათზეა დაგეგმილი.

ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად ხუთმა ადამიანმა 22 ივლისს შიმშილობა დაიწყო. პროტესტის მესამე დღეს, 24 ივლისს, მოშიმშილეთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

მოსახლეობა ამბობს, ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.


Print