"არა სვანეთის დაცლას", "გულგრილობა დანაშაულია", "ვითხოვთ უსაფრთხო
გარემოს", - ამ მოთხოვნებით უკვე მეოთხე დღეა ლენტეხში
მოსახლეობა შიმშილობს.
ადგილობრივები მცირე ჰესის "ხელედულა 3"-ის მშენებლობას
აპროტესტებენ.
ხუთი ადამიანის მიერ დაწყებულ პროტესტს, დღეს მუნიციპალიტეტის
შენობის წინ, სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა შეუერთდა.
"ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. გვინდა, რომ ტექნიკა გაიყვანონ აქედან.
სხვა შემთხვევაში არ დავიშლებით", - ამბობს აქციის მონაწილე რაჯი
ლიპარტელიანი.
მისი თქმით, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგნელები აქციის
მონაწილეებთან მიდიან და ამ ფორმით ყურადღებას გამოხატავენ.
"გვეკითხებიან რამე ხომ არ გვჭირდება, მაგალითად, ექიმი, სხვა მეტი რა
შეუძლიათ მათ. როგორც გვეუბენიან, ისინი ჰესის მშენებლობის
საკითხში ვერაფერს იზამენ. ჩვენ ჯერ-ჯერობით ვუძლებთ შიმშლობას
და ცუდად არავინ გამხდარა ", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
ადგილობრივების თქმით, ისინი პოზიციის დათმობას არანაირი
პირობის სანაცვლოდ არ აპირებენ.
მოშიმშილეების თქმით, კომპანია რეგიონში ტექნიკის შემოყვანას და
სამუშაოების დაწყებას ცდილობს. თუმცა, ამის უფლებას არ მისცემენ.
მოსახლეობა შიშობს, რომ რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას
გამოიწვევს.
ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, პროტესტის
ნიშნად ხუთმა ადამიანმა 22 ივლისს შიმშილობა დაიწყო. პროტესტის მესამე
დღეს, 24 ივლისს, მოშიმშილეთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
ადგილობრივების თქმით, ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ
სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული
ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას
გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე
დარჩება.
ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში
მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები
გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.
"იციან, რომ კომპენსაცია, რომელიც გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში,
თუ ვინმეს სახლს ან მიწას ზიანი მიადგება, მათ არ შეეხებათ. ეს არის
პროტესტის მიზეზი. სინამდვილეში არავის სახლს და არც მდინარეს არ
ემუქრება საფრთხე. პირიქით, ჩვენ გვეგმავთ, აღვწეროთ ყველა სახლი,
დავასურათოთ და თუ პროექტის დასრულების შემდეგ რომელიმე სახლი
დაზიანდება, ავანაზღაუროთ ეს ზარალი",- ამბობს "ხელედულა ენერჯის"
ტექნიკური დირექტორი, ნოდარ კურტანიძე.
ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას
წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს
არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში
ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.
"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების
მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების
აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების
გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი
ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე.
ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე,
განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ
დასკვნაში.
"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე
ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ
ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ,
1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა
კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ
საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.
ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული.
ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა
გამოიმუშაოს.
პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.
ამავე თემაზე:
შიმშილობის მეოთხე დღე ლენტეხში - აქციის მონაწილეები
კონკრეტულ მოთხოვნებს გააჟღერებენ
მასალის გამოყენების პირობები