ახალი ამბები
"მერიის თანამშრომლებს აიძულებენ ხელფასის 1% ჩარიცხონ ფონდში"
FaceBook
ქუთაისის მერიის ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორის, თამთა ბაკურაძის მიერ საქველმოქმედო ფონდის შექმნას საარჩევნოდ ფინანსების მობილიზაციად აფასებს ოპოზიცია.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ფონდში მერიის თანამშრომლებს თანხის გადარიცხვას აიძულებენ და ის სინამდვილეში წინასაარჩევნო კაპანიისთვის თანხების მობილიზებას ემსხურება.

"ეს არის საარჩევნო ყულაბა. მერიის ააიპის ხელმძღვანელი აფუძნებს საქველმოქმედო ორგანიზაციას და მერიის თანამშრომლებს აიძულებს იქ ხელფასის 1%-ის ჩარიცხვას. ეს არის კერძო ფონდი და ცხადია ვერავინ გააკონტროლებს მის ხარჯვას, სინამდვილეში კი იქ საბიუჯეტო თანხები მობილიზდება", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

პირად საუბარში მერიაში დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ დაურიგდათ თხოვნის ფურცლები, რომ ჩარიცხონ ხელფასიდან თანხა ფონში.
თუმცა, მერიის პრესსამსახურში ფაქტს არ ადასტურებენ.

"როგორც ვიცი, ფონდის წარმომადგენლები მიდიან ქალაქის მასშტაბით ყველა ორგანიზაციაში და აწვდიან ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ.
ეს ინფორმაცია ჩემთვისაც ცნობილია. თუმცა, ქველმოქმედება არის ნებაყოფლობითი და შესაბამისად, ეს უკვე ჩემი არჩევანია, გადავრიცხავ თუ არა ფონდში ჩემი ხელფასიდან თანხას. არავის არავისთვის არაფერი დაუძალებია. რაც შეეხება ფურცლების დარიგებას მერიის თანამშრომლებისთვის და თანხის მოთხოვნას, ფაქტს ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ," - ამბობენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

როგორც ირკვევა, ფონდი თამთა ბაკურაძემ, როგორც კერძო პირმა, დააფუძნა, თუმცა, ის ამ საკითხზე  მერის მოადგილეს, ნინო თვალთვაძესაც  შეხვდა.

ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ შეხვედრა ფონდის შექმნის შემდეგ მოხდა და შეხვედრის მიზანს ფონდისთვის მხარდაჭერის გამოცხადება წარმოადგენდა.

"დიახ, მე შევხვდი ამ ფონდის დამფუძნებლებს, გავეცანი წესდებას და პირადადაც ვაპირებ, რომ გადავრიცხო ჩემი ხელფასიდან თანხა. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა მსგავს ინიციატივას, რაც გაჭირვებული ადამიანების დახმარებას ემსახურება. ამასთანავე, პირადად ვარ დაინტერესებული, რომ ფონდის თანხების ხარჯვა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორმა, თამთა ბაკურაძემ საქველმოქმედო ფონდი "ქუთაისი" 2018 წლის 6 ივლისს სამ ადამიანთან ერთად დააფუძნა. წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სახსრების მობილიზება საქველმოქმედო, სოციალური და კულტურული საქმიანობისთვის.

ქუთაისიპოსტი დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას", სადაც განაცხადეს, რომ ფაქტს შეისწავლიან და ამის შემდეგ გააკეთებენ განცხადებას. 


Print