ახალი ამბები
შიმშილობის მეოთხე დღე ლენტეხში - აქციის მონაწილეები კონკრეტულ მოთხოვნებს გააჟღერებენ
FaceBook
პროტესტის მეოთხე დღეს, ლენტეხში მოსახლეობა ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის წინ შეკრებას გეგმავს. საპროტესტო აქცია 12 საათზე დაიწყება.
"განწყობა გვაქვს საბრძოლო, ვართ შემათებით, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. აქციაზე გავაღჟერებთ რამდენიმე კონკრეტულ მოთხოვნასაც. მთავარი მოთხოვნა კი, ჰესის შეჩერების შესახებ, უცვლელი რჩება",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რაჯი ლიპარტელიანი.

პარალელურად, აქციის მონაწილეები არ ტოვებენ ცაგერისა და ლენტეხის დამაკავშირებელ გზას, სადაც ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკაა მობილიზებული.

ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად ხუთმა ადამიანმა 22 ივლისს შიმშილობა დაიწყო. პროტესტის მესამე დღეს, 24 ივლისს,  მოშიმშილეთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.   აქციის მონაწილეებს კარვები იმ გზასთან აქვთ გაშლილი, სადაც კომპანიის მანქანებმა ლენტეხის მიმართულებით უნდა გაიაროს. ისინი აცხადებენ, რომ ტექნიკას არ გაატარებენ.

ადგილობრივების თქმით, ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

"იციან, რომ კომპენსაცია, რომელიც გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სახლს ან მიწას ზიანი მიადგება, მათ არ შეეხებათ. ეს არის პროტესტის მიზეზი. სინამდვილეში არავის სახლს და არც მდინარეს არ ემუქრება საფრთხე. პირიქით, ჩვენ გვეგმავთ, აღვწეროთ ყველა სახლი, დავასურათოთ და თუ პროექტის დასრულების შემდეგ რომელიმე სახლი დაზიანდება, ავანაზღაუროთ ეს ზარალი",- ამბობს "ხელედულა ენერჯის" ტექნიკური დირექტორი, ნოდარ კურტანიძე.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.

"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.

Print