ახალი ამბები
ქუთაისელი ემიგრანტი საბერძნეთიდან - 26 ადამიანი ნახეს დამწვარი, შვილებთან ჩახუტებული
FaceBook
ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბოლო ინფორმაციით, საბერძნეთში დაკარგული საქართველოს ორივე მოქალაქე ნაპოვნია.

ქუთაისელი ემიგრანტი მაკა კვირიკეიშვილი ქუთაისიპოსტს უყვება ტრაგედიის დეტალებს. მისი თქმით, ხანძრის პირველი კერა 23 ივლისს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლმა მთლინად გაანადგურა სოფელი მატი, რომელიც საკურორტო ზონაა. დაკარგულია ათეულობით ადამიანი.

"5-ის წუთებზე ამოვარდა საშინელი ქარი. გაქცევაც ვერ შეძლო ხალხმა. ისეთი ბუღი იდგა, გზის გარჩევა შეუძლებელი იყო, სად უნდა წასულიყვნენ. მეხანძრეებმა ერთ-ერთ მოედანზე, ზღვიდან 15 მეტრში 26 ადამიანი ნახეს დამწვარი, შვილებთან ჩახუტებული. მთლიანად დაიწვა სოფელი მატა. ტელევიზიიდან გავიგე ინფორმაცია, რომ მხოლოდ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მის წინ მდებარე 96 წლის მოძღვრის სახლი გადარჩა. სხვა ყველაფერი დაიწვა. ეძებენ დაკარგულებს, ბავშვების და მათი მშობლების ფოტოებია გამოფენილი. 200-ზე მეტი სახლია დამწვარი," - გვიყვება საბერძნეთში მცხოვრები ქუთაისელი ემიგრანტი, მაკა კვირიკეიშვილი.

ათენის გარეუბანში ხანძარი 23 ივლისს გაჩნდა. ოფიციალური ინფომრაციით, ძლიერ ცეცხლს 60 ადამიანი ემსხვერპლა და 150 დაშავდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლები და მანქანები. საბერძნეთის ხელისუფლებას ხანძრის ლოკალიზებაში დახმარება ევროპის სხვა ქვეყნებმა შესთავაზეს. 

დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან. საბერძნეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ, თუმცა, საელჩოს ინფორმაციით, ორივე მათგანი ნაპოვნია და უსაფრთხოდაა.

საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობა და სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.


Print