ახალი ამბები
ლენტეხში ჰესის მშენებლობის საპროტესტო აქციას ორი მოშიმშილე შეემატა
FaceBook
ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოშიმშილეთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.  პროტესტის ნიშნად 5 ადამიანის მიერ 22 ივლისს დაწყებულ შიმშილობას დღეს 2 შეურთდა.

ცაგერში, მესამე დღეა, ადგილობრივები ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას ლენტეხში, სამშენებლო ტერიტორიაზე, გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეებს კარვები იმ გზასთან აქვთ გაშლილი, სადაც კომპანიის მანქანებმა ლენტეხის მიმართულებით უნდა გაიაროს. ისინი აცხადებენ, რომ ტექნიკას არ გაატარებენ.


"ხელედულა ენერჯის" ტექნიკა

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია "ხელედულა ენერჯი" მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევას გეგმავს, რაც მათი რაიონის სოფლებს სასმელი წყლის გარეშე დატოვებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ გვირაბის მშენებლობის გამო, სოფლებში, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს,  ნიაგადი კიდევ უფრო დაზიანდება. ეს მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს შეუქმნის.

"ჩვენი სახლების ქვეშ უნდა გაიაროს ამ გვირაბმა და როგორ წარმოგიდგენიათ რა მოხდება ამ მეწყრულ ზონაში? სამი გეოლოგიური დასკვნა გვაქვს გაკეთებული, რომ ეს ზონა არის საშიში და რომ ამ ნიადაგზე ასეთი დიდი მასშტაბებით შეხება არ შეიძლება. ჩვენ სახლებს ემუქრება, პირველ რიგში,  საფრთხე, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოეცალოს ნიადაგი. გარდა ამისა, გვირაბში რომ მოაქცევენ მდინარეს, ეს მის დაშრობას გამოიწვევს, ჩვენ კი სასმელი წყლის გარეშე დავრჩებით",- ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე რაჯი ლიპარტელიანი.





მოშიმშილეების პროტესტს არ იზიარებენ ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიში. "ხელედულა ენერჯის" ტექნიკური დირექტორი, ნოდარ კურტანიძე ამბობს, რომ სინამდვილეში, ჰესის მშენებლობას ლენტეხის ის  მოსახლეობა აპროტესტებს, რომლებიც საპროექტო ტერიტორიაზე ვერ მოხვდნენ და შესაბამისად, მათ არც კომპენსაცია შეეხებათ.

"იციან, რომ კომპენსაცია, რომელიც გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს სახლს ან მიწას ზიანი მიადგება, მათ არ შეეხებათ. სინამდვილეში არავის სახლს და არც მდინარეს არ ემუქრება საფრთხე. პირიქით, ჩვენ გვეგმავთ, აღვწეროთ ყველა სახლი, დავასურათოთ და თუ პროექტის დასრულების შემდეგ რომელიმე სახლი დაზიანდება, ავანაზღაუროთ ეს ზარალი",- ამბობს ნოდარ კურტანიძე.

მისივე თქმით, კომპანია ასევე მუშაობს სასმელი წყლის ალტერნატიული წყროების მოსაძიებლად, თუმცა, ირწმუნება, რომ ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ მდინარე ხელედულას დაშრობაა მოსალოდნელი, არამედ, იმისთვის, რომ მოსახლეობის ეჭვები გააბათილონ.

კომპანია "ხელედულა ენერჯის" წარმომადგენლები მოშიმშილეებთან ჯერჯერობით არ მისულან. აქციის მონაწილეებს არც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი შეხვედრია. ავთანდილ უგრეხელიძე ამბობს, რომ 23 ივლისს შეხვდა საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს და მოშიმშილეებთან მისვლასაც გეგმავს.

ადგილობრივები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე კომპანია ტექნიკას არ გაიყვანს.

მათი თქმით, თავს კარგად გრძნობენ და  სამედიცინო დახმარებას ჯერჯერობით არ საჭიროებენ.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს. 

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები.  მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში. 

"შპს „გამა კონსალტინგმა” მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში,  აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს. 

"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.

Print