ახალი ამბები
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებს სოციალური დახმარება მოუხსნეს
FaceBook
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ დარეჯან სანიკიძეს სოციალური დახმარება მოუხსნეს.
როგორც სოციალურად დაუცველი ამბობს, მისთვის გაურკვეველია, თუ რა მიზეზით მოხსნეს შემწეობის მიმღებთა ბაზიდან.

საუბარია, სახელმწიფო სოციალურ შემწეობაზე, რომლითაც სანიკიძეების 4 სულიანი ოჯახი უკვე მესამე წელია სარგებლობს. მაშინ სანიკიძეების სარეიტინგო ქულა 1000-ს  შეადგენდა. 

"ოჯახის არცერთი წევრი არ ვმუშაობთ. ჩემი ქმარი ავადაა, 12 და 5 წლის მცირეწლოვანი მყავს, არც მე ვარ სადმე დასაქმებული. ვცხოვრობთ სოციალური საცხოვრისის ერთ-ერთ დაგრეულ ოთახში და რა მიზეზით შემიწყდა დახმარება ეს ჩემთვის გაუგებარია," - აცხადებს დარეჯან სანიკიძე.

მისივე თქმით, სოციალური აგენტი, რომელიც მასთან რამდენიმე დღის წინ მივიდა და უთხრა, რომ სოციალური დახმარებით ვეღარ ისარგებლებდა.

"მიმტკიცებდა რომ ვმუშაობ, რის გამოც სოციალური დახმარება უნდა მოეხსნათ ჩემთვის," - ამბობს დარეჯან სანიკიძე.

სოციალურად დაუცველი სანიკიძეების ოჯახი საქმის მოკვლევას და სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს.

"არ გავჩერდები იქამდე ვიდრე არ გავარკვევ რა მოხდა. რადგან ეს სოციალური დახმარება 260 ლარი ჩემი გასაცოდავებული ოჯახის ერთადერთი შემოსავალია," - ამბობს სოციალურად დაუცველი დარეჯან სანიკიძე. 

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, სანიკიძეებს ამ ეტაპზე ნამდვილად შეჩერებული აქვთ სოციალური შემწეობა, თუმცა, ამბობენ, რომ ეს არ არის დაკავშირებული დასაქმებასთან.

"დარეჯან სანიკიძის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახი 2017 წლის ოქტომბრის თვეში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით განთავსდა სოციალურ სახლში (ნიკეას 40გ/41). ოჯახს დეკლარაციის შევსების მომენტისათვის არ ქონდა დამონტაჟებული ელ. ენერგიის მრიცხველი, შესაბამისად „ოჯახის დეკლარაციაში“ ელექტროენერგიის აბონენტის ნომერი ვერ დაფიქსირდა.

ოჯახს აბონენტის ნომერი მიენიჭა 2018 წლის იანვრიდან და თებერვლის თვიდან უფიქსირდება მოხმარებული ელ.ენერგიის გადახდა. ოჯახმა 2018 წლის 11 ივნისს წარმოადგინა ელექტროენერგიის აბონენტის ნომერი და ვინაიდან ოჯახის დეკლარაციის შევსებიდან გასული იყო კორექტირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა (90 დღე), დაექვემდებარა განმეორებით გადამოწმებას. გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწერობა შეჩერებულია და განახლდება მინიჭებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით," - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე.
მისივე ინფორმაციით, სანიკიძეების ოჯახს ამ პროცედურების შემდეგ სოციალური შემწეობა ისევ დაენიშნება.
Print