ახალი ამბები
„ჭარბვალიანობის სისტემური რისკი საქართველოში ეტაპობრივად მოიხსნება“ -მამუკა ბახტაძე
FaceBook
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა განახლდა.
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამთავრობო გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მამუკა ბახტაძემ უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვას საქართველოს მოსახლეობის ჭარბვალიანობის შესახებ. რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა ვისი ბრალი იყო ის, რომ მოსახლეობას დიდი რაოდენობით ვალი აქვს.

მამუკა ბახტაძემ პრობლემის სათავედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელა და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში ამ დროს დაიწყო.

"ჭარბვალიანობა დაიწყო თქვენი გადაწყვეტილებით, როცა 2007 წელს სამოქალაქო კოდექსში შეიტანეთ ცლვილებები და გააუქმეთ საპროცენტო განაკვეთის ზღვარი. ამან გამოიწვია ის, რომ მივიღეთ უკონტროლო გარემო 100, 200 და 300% -იანი სესხების სახით. იყო სხვა მიზეზებიც და ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებია ადრე, "ქართულ ოცნებას" მართებდა ამ პრობლემის გაცილებით სწრაფად მოგვარება, რაც სამწუხაროდ არ მოხდა",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში ეტაპობრივად მოიხსნება.

"ჭარბვალიანობის სისტემური რისკი საქართველოში მოიხსნება. ის ეტაპობრივად შემცირდება და საბოლოო ჯამში აღარ იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი სისტემური რისკი",- განაცხდა მამუკა ბახტაძემ.

დეპუტატებს კითხვები აქვთ მინისტრებთანაც.

პასუხების რეჟიმის დასრულების შემდეგ კომისიებისა და ფრაქციების გამოსვლა გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატებმა განახლებულ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

Print