ახალი ამბები
ზესტაფონში სადარბაზოში მოკლული ძაღლი ნაგვის ურნაში გადაგდებული იპოვეს (ვიდეო)
FaceBook
ზესტაფონში ზალიკიანების ოჯახში შეფარებული ძაღლი პოლიციელმა მოკლა. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, უბნის ინსპექტორმა ბრალი აღიარა.

საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ტაბელური იარაღით მოკლული ძაღლი ოჯახის წევრებმა, მალევე, სანაგვე უნაში გადაგდებული იპოვეს. ზალიკიანების ოჯახში ამბობენ, რომ დანაშაულის მონაწილე უბნის ინსპექტორი, კიდევ ერთ პოლიციელთან ერთად  ფაქტის დაფარვას ცდილობდა. 



"სახლში ვიყავი, როცა ძაღლის ტირილი შემომესმა სადარბაზოდან, ამიტომ გარეთ გავედი და დავინახე პოლიციელი, რომელმაც მითხრა, რომ ქვევით ჩასვლა არ 
შეიძლებოდა, სწორედ ამ დროს მოკლეს ჩვენი ძაღლი," - ამბობს ზალიკიანების ბებია, მერი ნიკოლაიშვილი.

ანა ზალიკიანმა ზესტაფონის პოლიციაში განცხადება დღეს, 13 ივლისს შეიტანა. მისი ოჯახი ძაღლის მკვლელის დასჯას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე "ქუთაისიპოსტის" მისვლის დროს  მოკლულ ძაღლს ექსპერტ-კრიმინალისტები ათვალიერებდნენ. ცხოველი ტაბელური იარაღის მასრით თავის არეში იყო დაჭრილი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.



სადარბაზოში იარაღით მოკლულ ძაღლს როკი ერქვა. ეს სახელი ზალიკიანებმა ორი წლის წინ შეურჩიეს, როცა ის ბინაში შეიკედლეს. ზალიკიანები ამბობენ, რომ ოთხი წლის ყავისფერი, მონადირე როკი მათთან ძალიან გასაცოდავებული მივიდა.

"მშიერი იყო და ვაპურებდით, მერე თანდათანობით მოგვეჩვია. ეს გაძვალტყავებული ძაღლი ძალიან ერთგული აღმოჩნდა. თვინიერი, თბილი და საყვარელი იყო, რომელსაც მხოლოდ ზრუნვა სჭირდებოდა", - ყვება ანა ზალიკიანი.

მათგან განსხვავებით, მონადირე ძაღლი სადარბაზოს მობინადრეების უმრავლესობამ არ შეიყვარა.

როგორც ძაღლის პატრონი გვიყვება, ასეთ დამოკიდებულებას ცხოველიც გრძნობდა, რადგან მტრულად განწყობილები ზოგჯერ არც აგურს და მუჯლუგუნს აკლებდნენ.

შედეგად, აგრესიამ აგრესია წარმოშვა და როკიმ თავდაცვის მიზნით მიახლოებულ მეზობლებს ყეფა დაუწყო. მიუხედავად ამისა, ძაღლს არასოდეს, არავინ დაუკბენია. ამას ვერც მის მიმართ არაკეთილმოსურნე მეზობლები უარყოფენ.

სამაგიეროდ ჩვენთან საუბარში ირწმუნებიან, რომ ძაღლი მშვიდად ცხოვრებაში ხელს უშლიდათ, რის გამოც ხშირად რეკავდნენ პოლიციაში და ცხოველის თავიდან მოშორებას ითხოვდნენ.

"ეს არის მკვლელობა ზიზღის მოტივით. ამ ზიზღის საფუძველი კი სხვა რამეშია. გაუნათლებლობასა და არაჰუმანურობაში. სამწუხაროა, რომ ამის ჩამდენი სწორედ სამართალდამცავია," - ამბობს ანა ზალიკიანი.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხდლით ისჯება. აღნიშნული მუხლი დანაშაულის ჩამდენ პირზე ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოს დაკისრებას ითვალისწინებს.

იურისტების განმარტებით, ცხოველის მოკლვა დანაშაულია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს აუცილებელი მოგერიების საფუძველი და ცხოველი საშიშროებას წარმოადგენს. რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.

პოლიციელის მიერ ბრალის აღიარების თაობაზე ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ზესტაფონის პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგაც გახდება დამატებითი ინფორმაცია ცნობილი.


ავტორები: ანა ჯანაშია, ლანა კოკაია


ამავე თემაზე:

"უბნის ინსპექტორმა მოკლა" - ზესტაფონში ოჯახში შეფარებული ძაღლი მოკლეს
Print