ახალი ამბები
"კვლევაში არის შეცდომები" - რას პასუხობენ ქუთაისის მერიასა და საკრებულოში TI-ს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"  იმ კვლევას პასუხობს,
რომლის მიხედვითაც ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებმა დეკლარაციებში თავიანთი ქონება და ბიზნესწილები სრულყოფილად არ მიუთითეს. გარდა ამისა, საუბარია მათ მიერ თანამდებობასთან შუფერებელ საქმიანობაზე.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას მამის სახელზე არსებული საცხოვრებელი სახლი სოფელ ჭრებალოში დეკლარაციაში მითითებულია, შპს "ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტს" კი სადაც ქალაქის მერს 33,3%-იანი წილი უფიქსირდება, ბოლო რამდენიმე წელია არანაირი აქტივი და ფულადი ბრუნვა არ გააჩნია.

მერიის ინფორმაციით, აქტივი არ გააჩნია არც შპს ჯი.თი.ჯი გრუპ-ს, სადაც წილს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი ფლობს. ხოლო, რაც შეეხება სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი ყენიას სახელზე სოფელ ჩაისუბანში მიწის ნაკვეთის არსებობას, მერიაში ამბობენ, რომ მას აღნიშნული ფართობი დეკლარაციაში სახლთან ერთად აქვს მითითებული.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში შეცდომებზე საუბრობენ ქუთაისის საკრებულოში და ორგანიზაციას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.

"ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში არის შეცდომები. ქონებები, რომლებიც ფიქსირდება კვლევაში, წლების წინ არის გაუქმებული და ფინანაური ბრუნვა არ ფიქსირდება. "საერთაშორისო გამჭირვალობისგან" განსხვავებით საჯარო სამსახურის ბიუროს, არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო ჩვენთვის არ მოუმართავს, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუკი აღნიშნული ორგანიზაცია მეტი პასუხისმგებლობით და ყურადღებით აწარმოოს კვლევებს და შემდეგ გაასაჯაროებს",-განაცხადა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვლასი გარდაფხაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ქუთაისის მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციებისა და თანამდებობისთვის შუფერებელი საქმიანობის შესახებ კვლევა 12 ივლისს გამოაქვეყნა.






Print