ახალი ამბები
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს 21 მსჯავრდებული აბარებს
FaceBook
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მსჯავრდებულებიც აბარებენ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, საქართველოს მასშტაბით წელს გამოცდებში სულ 21 მსჯავრდებული აპლიკანტი იღებს მონაწილეობას, საიდანაც 17 თბილისის საგამოცდო ცენტრში აბარებს გამოცდას, 4 კი ქუთაისში.

მსჯავრდებულთა შორის 17 აბიტურიენტია, 3 სამაგისტრო გამოცდას აბარებს, 1 კი სტუდენტთა საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, 147-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორმა, მაია კოპლატაძემ გვითხრა, მსჯავრდებულებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 6 ივლისს დაწერეს და პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მისივე თქმით, იმ 13 მსჯავრდებული აბიტურიენტიდან, რომელსაც გამოცდა გუშინ უნდა ჩაებარებინა ცენტრში მხოლოდ 12 გამოცხადდა, ვინაიდან ერთმა ადგილზევე განაცხადა უარი გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე. დღეს კი ზოგადი უნარების გამოცდაზე ათ მსჯავრდებულ აბიტურიენტს ელიან, ერთი კი 7 ივლისს, რუსულ ენაზე ჩააბარებს გამოცდას.

"მსჯავრდებული აპლიკანტები საქართველოს ორ საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი. თბილისში, 147-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში და ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში.

მსჯავრდებული აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში სპეციალური ტრანსპორტით მოდიან, მათ ბადრაგირებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ახდენს. ეზოში შემოდიან ცენტრალური შემოსასვლელიდან, უშუალოდ ცენტრში კი ცალკე შემოსასვლელია მათთვის, რომელიც მხოლოდ იმ დროს იღება, როცა ეს აპლიკანტები მოდიან. მსჯავრდებულები ცენტრში ბადრაგის თანხლებით შედიან და იქვე გადიან რეგისტრაციას. საგამოცდო ბარათებს ჩვენ ვახვედრებთ ამობეჭდილს, რადგან ადგილზე შესაძლოა ვერ მოახერხონ თავად ამობეჭდვა. ცხადია, პირადობის მოწმობები აქვთ.

მსჯავრდებული აპლიკანტები ჩვეულებრივ შედიან ერთ სექტორში, რადგან 15-ზე მეტი არ არიან და ხდება მათი გადანაწილება კომპიუტერის და არა მათი სურვილის მიხედვით.

წყარო: edu.aris.ge
Print