ახალი ამბები
ვერ ვიცხოვრებთ თონეს თავზე - მოსახლეობის პროტესტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ავტომშენებლის N38 კორპუსში მცხოვრები 23 მოსახლე თონეს აშენებას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით,  თონე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შენდება, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

"ქუთაისიპოსტს" ადგილზე მისვლის დროს,სადაც თონე უნდა მოწყობილიყო ობიექტის კარი და ფანჯარა ქაღალდით შეფუთული დახვდა. თუმცა შენობაში შეხედვით გარკვევით ირჩევა, რომ ობიექტში უკვე მოწყობილია  ბეტონის მრგვალი  კონსტრუქცია. 

"დანამდვილებით ვიცით, რომ ბინის ქვეშ აწყობენ თონეს, რომელსაც დიდი სიმხურვალე ექნება და წარმოდგენა არ გვაქვს როგორ უნდა ვიცხოვროთ  ამ ზაფხულში? ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ თონეს თავზე, ამიტომ მოვუწოდებთ მერიას, არ გასცენ ამ ობიექტის მშენებლობაზე ნებართვა, თორემ პროტესტს არ შევწყვეტთ," - ამბობს ავტომშენებლის N38 - ში მცხოვრები ეთერ პაპუაშვილი.

ადგილობრივების თქმითვე, საცხოვრებელი ბინის ქვეშ თონეს არსებობა, გარდა სიცხისა, არ გამორიცხავს ხანძრის გაჩენის საფრთხესაც.

სწორედ ხსენებული მიზეზების გამო, თონეს აშენებაზე ნებართვის არ გაცემის მოთხოვნით მოსახლეობამ განცხადება ქუთაისის მერიაში მიმდინარე წლის 2 ივლისს შეიტანა.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ზემოთაღნიშნულ კორპუსში თონეს გამართვაზე ნებართვა არ გაცემულა.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ნებართვა თონეს მშენებლობაზე არც აწი გაიცემა," - ამბობს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია.





Print