ახალი ამბები
„ქუთაისის მერია გაზრდილი ხელფასის შესახებ ინფორმაციას მალავს“ –„ლეიბორისტული პარტია“
FaceBook
"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისის მერიას შპს-ეებსა და ააიპებში გაზრდილი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
პარტიის წევრის, ირაკლი კიკვაძის თქმით, ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს 200-დან 600 ლარამდე გაუზარდეს ანაზღაურება, რასაც მერია მალავს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ შპს-ეებსა და ააიპებში 200-დან 600 ლარამდეა ხელფასი გაზრდილი და რაც მთავარია, ეს მოხდა პოლიტიკური ნიშნით, შეარჩიეს ის ადამიანები, ვინც ოცნების აქტიური მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან. 8 ივნისს გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია და პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ქუთაისის მერია მალავს ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ არ სურთ გავიგოთ სიმართლე", - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" განცხადებაზე ქუთაისის მერიაში განმარტებებს არ აკეთებენ.

პარტია ქუთაისის მერიას მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია შპს-ეებსა და ააიპებში რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების შესახებ.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის"  მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა
უგვიანეს 10 დღისა.  თუ  პასუხის გაცემა მოითხოვს დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას,  საჯარო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს ამის შესახებ.

Print