ახალი ამბები
მწერალთა სახლის ყოფილი შენობის ეზოდან ლადო ასათიანის ძეგლს, სავარაუდოდ, გადაიტანენ
FaceBook
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა სახლის ყოფილი შენობის ეზოდან, ლადო ასათიანის ძეგლს, სავარაუდოდ, გადაიტანენ.
კომპანია "მ2 -მა, რომელმაც შენობა გასულ წელს შეიძინა, ქუთაისის მერიას უკვე მიმართა განაშენიანების რეგულირების გეგმის დასამტკიცებლად, რომელიც აღმასრულებელმა საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ქართველი პოეტის ძეგლს გადაიტანენ.

"ძეგლს არ შეექმნება საფრთხე, დაიდგმება იქ, სადაც მოუხდება ქალაქს", - განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ.

როგორც ირკვევა, გეგმის მიხედვით, კომპანია "მ2" 2000 კვ.მ ტერიტორიის ათვისებას აპირებს, სადაც ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო "რამადა" უნდა ააშენოს.

დღესვე საკრებულოს დეპუტატმა, ბესო ბრეგაძემ სასტუმროს განაშენებიანების გეგმის  სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენა გააპროტესტა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, გეგმას ქუთაისის მერია ამტკიცებს და თავადვე გასცემს მშენებლობის ნებართვას. საკითხის სხდომაზე გატანით კი, ქალაქის მერია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს.

" როცა ვიკითხე მითხრეს, მეორე ეტაპიც იქნებაო, ანუ ნებართვის გაცემაც საკრებულომ უნდა განიხილოს.
სინამდვილეში ეს მერიის პრეროგატივაა. ვფიქრობ, შენობის გაბარიტებთან დაკავშირებით ხდება რაღაც, რაზეც პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს მერია და ამიტომ გადააბარა საკრებულოს. სხვა ეჭვი არ მიჩნდება", - განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულომ კომპანია "მ2" -ის  განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა.

დეველოპერულმა კომპანია "მ2"-მა მწერალთა სახლის შენობა გასულ წელს აუქციონზე შეიძინა. აუქციონის პირობების თანახმად, "მ2"-ს შენობის ნაწილის (350 კვმ.) მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის გარემონტება ევალება, რომელიც შემდეგ ქუთაისის მერიას უნდა გადასცეს.

გასულ წელს კომპანიაში ასევე, განაცხადეს,  რომ აღნიშნულ ფართს შეუნარჩუნდება სკვერი გრიშაშვილის ქუჩის მხრიდან და ექნება დამოუკიდებელი შესასვლელი.

Print