ახალი ამბები
ოპოზიცია, ქუთაისში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესაძლო ვერჩატარებაზე განმარტებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ქუთაისში, უეფას თასის საკვალიფიკაციო მატჩის შესაძლო ვერჩატარებაზე განმარტებები მოითხოვეს. საკრებულოს დეპუტატმა, მერაბ მეშველიანმა ქალაქის ხელისუფლება ამ საკითხისადმი უყურადღებობის გამო გააკრიტიკა.

"როგორც მე მაქვს ინფორმაცია 15 პუნქტიანი შენიშვნები ჩამოუვიდა "ტორპედოს" და შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ვერ ჩატარდეს ჩვენს ქალაქში, ქალაქის აღმასრულებელი არც კი შეხვედრია ამ საკითხზე არავის და რას ნიშნავს ეს? უნდა მოვემზადოთ თბილისში თამაშისთვის"? - განაცხადა  საკრებულოში "ევროპული საქართველოს" წევრმა  მერაბ მეშველიანმა.

მერია უმოქმედობის გამო  "ნაციონალურმა მოძრაობამაც" გააკრიტიკა. გიგა შუშანიას თქმით, აღმასრულებელმა უნდა აუხსნას საზოგადოებას რა პრობლემებია კლუბში და რატომ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის მიღება.

დეპუტატებს საკითხზე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განმარტებები არ მიუღიათ. სხდომას ქალაქის მერი არც ამჯერად ესწრებოდა.

10 ივლისს ქუთაისის "ტორპედოს" მოლდოვურ "შერიფთან" უწევს დაპირისპირება, თუმცა, მოედანზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დედაქალაქში ჩატარდეს.

მოედანზე რომ პრობლემებია ამას არ უარყოფს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" ადმინისტრაცია. სტადიონის დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, სარეაბლიტაციო სამუშაოები დაწყებულია, თუმცა, უეფას მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ მოხდება.

ადმინისტრაცია ვერც იმის პირობა დებს, რომ 10 ივლისს სტადიონი მატჩის მიღებას შეძლებს.

მოშლილი საპირფარეშოები, გასახდელები და მსაჯთა ოთახები "ტორპედოში", ნახეთ ფოტორეპორტაჟი.

ამავე თემაზე:


„ტორპედომ“, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს ვერ უმასპინძლოს

მოშლილი ინფრასტრუქტურა "ტორპედოში" და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის (ფოტორეპორტაჟი)

Print