ახალი ამბები
ვის უნდა მიმართონ ქუთაისში მცხოვრებმა დევნილებმა სამინისტროს გაუქმების შემდეგ
FaceBook
დევნილთა სამინისტროს გაუქმების მიუხედავად, ქუთაისში დევნილთა სამმართველო, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, მუშაობას გააგრძელებს.

ამის შესახებ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, გიორგი სანთელაძე საუბრობს.

"დევნილთა სამმართველო, შესაძლოა, დატოვონ იმ მდგომარეობით, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა ინფორმაცია ერთ ადგილას მიიღოს და შემდეგ, სამმართველომ მიაწოდოს ეს ინფორმაცია შსს-სა თუ ჯანდაცვის სამინისტროს. გარდამავალი პერიოდი, ვფიქრობ, სამი თვე იქნება", - ამბობს გიორგი სანთელაძე.

მისივე თქმით, სამმართველოს სოციალური კომპონენტი, შესაძლოა, ქუთაისის მერიამ შეითვისოს და დევნილთა საკითხებისთვის განყოფილება შეიქმნას. ამასთანავე, მშენებლობებისა და განსახლების კომპონენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა, დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა იქნება.

თუ რა ბედი ეწევათ სამმართველოში დასაქმებულ თანამშრომლებს, გიორგი სანთელაძის თქმით, მასობრივი გათავისუფლებები ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, თუმცა შეეხება თუ არა ეს ამჟამად ყველა დასაქმებულს ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვით გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა: დევნილთა განსახლებაზე და მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იზრუნებს, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიბარებს, ხოლო სოციალურ პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს.

ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატს შეუერთდება.

ცვლილებები შეეხო, ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.

პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებების ასამოქმედებლად პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება უნდა მიიღოს. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა პარლამენტში უკვე დაწყებულია.


Print