ახალი ამბები
ერთ დღეში შეჩერებული და აღდგენილი საწარმოო პროცესი ქუთაისის უფასო სასადილოში
FaceBook
ქუთაისის "მადლიერების სახლს", სადაც ბენეფიციარებმა საკვებში თაგვის ექსკრემენტები იპოვეს, სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე საათით. უფასო სასადილო მუშაობას დღეს დილიდან აგრძელებს. სასადილოში სოციალურად დაუცველები საკვების მისაღებად უკვე მივიდნენ.

"მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ მაშინვე შეამოწმა ობიექტი და გამოვლენილი შეუსაბამობის გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი. სააგნეტოს მითითებების შესრულებისთანავე მოხდება პროცესის განახლება", - განგვიცხადეს სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. თუმცა, მას შემდეგ რაც ვუთხარით, რომ სასადილო მუშაობას აგრძელებს, გვიპასუხეს:

"შეუსაბამობის აღმოფხვრა გუშინვე მოხდა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, რათა არ შექმნილიყო ბენეფიციარების კვების პრობლემა".

საწარმოო პროცესის შეჩერებას არ ადასტურებს "მადლიერების სახლის" დირექტორი.

თამთა ბაკურაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ სააგენტოს წარმომადგენლები გუშინ იყვნენ მისულები, რომლებმაც მართლაც იპოვეს რამდენიმე ხარვეზი, რაც ადგილზე იქნა აღმოფხვრილი. თუმცა, რა დარღვევები იპოვა სააგენტომ დაწესებულებაში, თამთა ბაკურაძე არ აკონკრეტებს.

"გუშინ იყვნენ მოსულები, იყო რაღაც ხარვეზები, რომლებიც ადმინისტრაციამ ადგილზე აღმოფხვრა. შეჩერებაზე არ ყოფილა საუბარი. დილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას",  -ამბობს თამთა ბაკურაძე.

ბენეფიციარებმა "მადლიერების სახლის" სამზარეულოში მომზადებულ საკვებში თაგვის ექსკრემენტები სამი დღის წინ, სასადილოდან სახლში მიტანის შემდეგ იპოვეს. 

"მადლიერების სახლის" ადმინისტრაცია ახლა ლაბორატორიის პასუხს ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა საკვებში თაგვის ექსკრემენტები.

"მადლიერების სახლში" უფასო სადილს 800 ბენეფიციარი იღებს რომელთა მომსახურება ადგილობრივ ბიუჯეტს დღეში 2. 14 ლარი ჯდება.

ამავე თემაზე:

ქუთაისის "მადლიერების სახლში" საჭმელში თაგვის ცურცლები იპოვეს (ფოტო)

Print