ახალი ამბები
"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ზესტაფონში სამი პირი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები და "ქურდული სამყაროს" აქტიური წევრები დააკავა.

უწყების განცხადებით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. (მეტსახელად "ბახა-ბახა") და 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ "ქურდულ სამყაროს". ისინი მონაწილეობას იღებდნენ "ქურდულ გარჩევებში" და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდთან" - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად "პაწუა") და მის ძმასთან - ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისგან, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ.-სგან, "კანონიერი ქურდის" - ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ," - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს ცნობით, ხვიჩა სულაქველიძის ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

სამივე დაკავებულის მიმართ საქმე საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს.


Print