ახალი ამბები
ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება
FaceBook
გომბორზე, ცხრა ივნისს მომხდარი საზარელი ავტოავარიის შემდეგ, სადაც მიკროავტობუსის ოთხი მგზავრი დაიღუპა და 21 დაშავდა, განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები ამკაცრებს.

მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება და ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცა, უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.

მისივე ინფორმაციით ახალი მიდგომით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები მოქმედებს. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, როდესაც ორგანიზატორი რომელიმე ინსტიტუცია, მაგალითად, საჯარო, კერძო, სახელოვნებო, სპორტული და ა.შ. სკოლა და დაწესებულებაა. თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე არსებული რეგულაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.
Print