ახალი ამბები
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ 15 ააიპ ორგანიზაციაში 3400-მდე ადამიანია დასაქმებული
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში ამ დროისთვის არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსის მქონე 15 გაერთიანება იმყოფება.
ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი, ბოტანიკური ბაღი, ბაგა-ბაღების გაერთიანება, მ. ქორქიასა და ზ. საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლე, მადლიერების სახლი, ფოლკლორის ცენტრი - სიმეღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ყინულის მოედანი, ილია ჭავჭავაძის სამეცნიერი ბიბლიოთეკა, ტაეკვანდოს სპორტული კლუბი, კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება, სამეფო კომპლექსი "ოქროს ჩარდახი", ხელბურთის კლუბი "ქუთაისი 2015" და სპეციალური სერვისები - ეს იმ ააიპ-ების ჩამონათვალია, რომლებიც ქუთაისის მერიას ექვემდებარებიან.
აღნიშნული ჩამონათვალიდან მერიამ მიმდინარე წელს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით ხელბურთის კლუბი "ქუთაისი 2015" და სამეფო კომპლექსი "ოქროს ჩარდახი" დააარსა, ხოლო 2014 წელს ამავე იურიდიული სტატუსი მიენიჭა 4 ააიპ-ს: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს, მ. ქორქიასა და ზ. საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეს, ტაეკვანდოს სპორტულ კლუბსა და ააიპმსპეციალურ სერვისებს.
ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საერთო ჯამში ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 3377 ადამიანს შეადგენს. ყველაზე მეტი დასქმებული - 1296 ადამიანი, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაშია, რომელიც 35 ფილიალისგან შედგება. დასაქმებულთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა სამეფო კომპლექს "ოქროს ჩარდახს" ჰყავს, სადაც მხოლოდ 2 თანამშრომელი მუშაობს.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ააიპ გაერთიენებებში რეორგანზაცია ეტაპობრივად ჩატარდება. ამ დროისათვის რეორგანიზაცია ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მიმდინარეობს.
დეა მანაგაძე
Print