ახალი ამბები
"ზაზა სარალიძის ბრალდება არც ერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს“ - ქუთაისის მერია
FaceBook
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას, იმის შესახებ, რომ ქუთაისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახდენდა, ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
"ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიას და მწუხარებას ვიზიარებთ ყველა. ეს ამბავი ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმეა და არ გვეგულება ადამიანი ვინც სარალიძეების ოჯახის ტრაგედიამ არ დაამწუხრა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში პირველ რიგში დარწმუნდნენ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები. ამ საქმის გამოძიების მიმართ ხელისუფლების მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა შსს-ს ეფექტური ქმედებების, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებების ჩათვლით. რაც შეეხება ზაზა სარალიძის ბრალდებას, ქუთაისის მერიის წინააღმდეგ ბრალდება არცერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

ზაზა სარალიძემ გუშინდელ აქციაზე განაცხადა, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები, ქუთაისში მისი ცოლის დასთან ოჯახში მივიდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებიათ, რომ მის ცოლთან ერთად პროცესებს გამიჯვნოდა.

მოგვიანებით მან იგივე გაიმეორა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერშიც.

"ზუსტად არ ვიცი მერი იყო თუ მისი მოადგილე. ჩემი ოჯახის წევრებთან მივიდა და შემოვლითი გზით ცდილობდნენ ჩემთან კომუნკაციის დამყარებას. უთხრეს, შენ და შენი და ხომ არ გააკეთებთ რამე კომენტარსო. აძალებდნენ ფაქტიურად ადამიანს, რომ ჩემს წინააღმდეგ გაეკეთებია კომენტარი",-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აქციაზე ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ მის მეუღლეს უცნობი პირები ქუჩაში დაყვებიან და უთვალთვალებენ.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა გუშინ კარვები გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს და მოძრაობა გადაკეტეს.

გასული წლის პირველ დეკემბერს,  თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს,  ორი მოზარდი, დავით სარალიძე  და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.



ამავე თემაზე:

ზაზა სარალიძის ბრალდებებზე ქუთაისის მერიაში განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში (ფოტო)

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა


"ნუ მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"ნუ მომკლავ" – აქცია ქუთაისში

"ნუ მომკლავ" -საპროტესტო აქცია ქუთაისში
Print