ახალი ამბები
"ნათლიმირონობა დანაშაულია?"- სტადიონის დირექტორი საკრებულოს მოადგილესთან ნათესაურ კავშირზე
FaceBook
ქუთაისში, შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“-ს დირექტორი, თამაზ კიკვაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას ნათლიმირონია. თამაზ კიკვაძე ქუთაისის საკრებულოს წინამოწვევის დეპუტატი იყო. ის სტადიონის დირექტორად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან სამ თვეში, მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. თუმცა, კიკვაძე ჩვენთან  საუბარში ირწმუნება, რომ იგი შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“-ს დირექტორის პოსტზე მისი დანიშვნა უფრო ადრე, ოქტომბერში მოხდა.

ის ამბობს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მისი დაწინაურება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ნათესაურ კავშირს არ უკავშირდება. 

"მე ვარ ძველი ტორპედოელი, ფეხბურთი ჩემთვის უცხო გარემო არ არის. ნათესაური კავშირი ამასთან არაფერ შუაში არ არის. ნათლიმირონობა მერე დანაშაულია?", -  ამბობს თეიმურაზ კიკვაძე.

ნათლიმირონობის გამო დირექტორის პოსტზე დანიშვნას ასევე უარყოფს ირაკლი შენგელიაც. 

"თეიმურაზი მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, ასევე გახლდათ კონსერვატიული ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში, ამ ქალაქის სამსახურში იყო მაშინ, როდესაც მე პოლიტიკაში არ ვიყავი. დამამცირებელიც არის ეს განცხადება, რომ ნათლიმირონობას მის დანიშვნასთან რაიმე კავშირი აქვს. ადამიანის კვალიფიკაციას, მის ამაგს, ქალაქისადმი გაკეთებულ თითოეულ საქმეს, ამით შეურაცხყოფას ვაყენეთ",  - ამბობს ირაკლი შენგელია.
ქუთაისის საკრებულოში ირაკლი შენგელია და თამაზ კიკვაძე "ქართული ოცნების" კვოტით მოხვდნენ.

რაც შეეხება შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს", ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 246 000 ლარით ფინანსდება, სტადიონს კი ქუთაისის "ტორპედო" იყენებს, რომელიც კერძო საკუთრებაშია.

"ეს არის ბიუროკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. თავისუფლად შეიძლებოდა მიეცათ ეს სტადიონი ხელშეკრულებით, ან ნათხოვრობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ და ამდენ 246 000 ლარს ტყუილად არ გადაყრიდნენ", - ამბობს პოლიტიკური პარტია "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სტადიონი უნდა გაასხვისონ.

თემურ ცამციშვილის თქმით, საფეხბურთო სტადიონის გასხვისების შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები დაიზოგება.

რაც შეეხება, სტადიონის გასხვისებას თამაზ კიკვაძე ამბობს, რომ თუკი ვინმე დაინტერესდება მისი შეძენით კარგი იქნება. თუმცა, ამბობს რომ ამ ეტაპზე ინეტერესი არავის გამოუთქვამს. 




ამავე თემაზე:

რამაზ შენგელიას სტადიონის ხელმძღვანელ პირებად კოტე ლომიძე და თამაზ კიკვაძე დაინიშნენ

Print