ახალი ამბები
სპეციალური მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს
FaceBook
საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორიცაა სპეციალური მასწავლებლის სტატუსის აღიარება, რაც ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მოთხოვნაც იყო.

შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ სპეციალური მასწავლებლები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც სისტემაში მომუშავე დანარჩენი კატეგორიის პედაგოგები სარგებლობენ. ეს ფაქტორი კი, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, მათთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.

სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავება საჭირო გახდა იქიდან გამომდინარე, რომ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში სპეციალური მასწავლებლის ტერმინი პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სწორედ ამიტომ, ის ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება. სპეციალური მასწავლებელი იქნება პირი, რომელიც სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად, დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის.

ხაზგასასმელია ისიც, რომ მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი კანონპროექტით, დაზუსტდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სხვა ისეთი ტერმინებიც, როგორებიცაა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ა.შ. ტერმინების დაზუსტებასთან ერთად კანონპროექტში დაზუსტდება ახალი ტერმინების განმარტებები – ალტერნატიული სასწავლო გეგმა, გაფართოებული სასწავლო გეგმა, ინტეგრირებული კლასი, სპეციალიზებული კლასი და სხვა.

ყველა ეს ცვლილება ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებას, სწავლის თანაბარ შესაძლებლობას, მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბებასა და სწავლების მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის დანერგვას", – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა, მასში აღნიშნული არ არის, როდის წარედგინება კანონპროექტი პარლამენტს. საკითხზე საპასუხოდ, ჟურნალისტების მოთხოვნის მიუხედავად, განათლების მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას არ შეხვედრია.

წყარო: edu.aris.ge
Print